იაგო ხვიჩია - ჩემთვის მისაღებია ამნისტიის კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელზეც უფრო მაღალი კონსენსუსი იქნება
იაგო ხვიჩია - ჩემთვის მისაღებია ამნისტიის კანონპროექტის ის ვარიანტი, რომელზეც უფრო მაღალი კონსენსუსი იქნება

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს სჭირდება კონსენსუსი, რათა „ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას შორის კონფლიქტი აღმოიფხვრას“.

ხვიჩიას თქმით, სასურველია, ამნისტიის შესახებ საერთო კანონპროექტზე მოხდეს შეთანხმება.

„ჩემთვის მისაღებია ის ვარიანტი, რომელზეც უფრო მაღალი კონსენსუსი იქნება. თავისი შინაარსით ეს კანონპროექტი არის ისეთი, რომელსაც კონსენსუსი სჭირდება თუ ჩვენ გვინდა, რომ აღმოიფხვრას კონფლიქტი, რომელიც ხელისუფლებასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებობს. მინდა, ეს ორი კანონპროექტი რაღაცნაირად ერთად იქცეს და მან მულტიპარტიული მხარდაჭერა მიიღოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება კითხვას, „როგორ მოხდება შეთანხმება, როდესაც „ოცნებას“ არ სურს იმის ამოღება, რაც ამნისტიაზე ამნისტიის მსურველის თანხმობას საჭიროებს“, – ხვიჩიას თქმით, აღნიშნული ჩანაწერი არ მოსწონს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ თავისი ახსნა აქვს.

„ნიკა მელია სულ იძახდა, რომ მე არ მინდა შემეხოს ამნისტია და ამის წინააღმდეგი ვარ. ამ ჩანაწერს არ ვეთანხმები, მაგრამ მიზეზი ეს არ არის. ბევრი უნდა ვილაპარაკოთ, რათა მსგავსი გაუგებრობები აღმოვფხვრათ, პოზიციები დავაახლოვოთ და მივიღოთ კონსენსუსური ვარიანტი.

არ მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნებისგან“ ველოდები, რომ ისინი აუცილებლად კონსტრუქციულად მოიქცევიან. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთისთვის პატიება ერთმანეთის გალახვის და ასეთი რაღაცების. შეიძლება, ერთმანეთს ვერ ვაპატიოთ სხეულის მძიმე დაზიანება და ალბათ ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ვიღაცებმა იჩხუბეს,ზოგს რეზინის ხელკეტი მოხვდა, ზოგს ჯოხი და ზოგს რაღაც, თუმცა ეს ხალხი დღეს ყველა ჯანმრთელადაა. ჩვენ ასეთი რაღაცების დავიწყება და ნაბიჯის გადადგმა უნდა შევძლოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციის პროექტზე კი, სადაც დაზარალებულის თანხმობა აუცილებელია, იაგო ხვიჩია აღნიშნავს, რომ ამნისტიასთან დაკავშირებით მსგავსი რამ აბსურდია.

„დაზარალებულის თახმობა სხვა პროცესშია საჭირო, მაგრამ არა ამ პროცესში. ჩვენ თუ ასე დავიწყებთ, დაზარალებულები არიან არა მხოლოდ დემონსტრანტები, არამედ პოლიციელებიც და სადაც ერთი მხარის თანხმობა იქნება საჭირო, იქ იქნება მეორე მხარისაც. თუ შერიგებისთვის საჭირო იქნება ყველა დაზარალებული პოლიციელისა და ყველა დაზარალებული დემონსტრანტის თანხმობა, მაშინ არანაირი ამნისტია და შერიგება არ გამოვა“, – განაცხადა ხვიჩიამ.