იაგო ხვიჩია - ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, ლოგიკურად სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ, 19 კანდიდატის დასახელება არის დამატებითი შანსი, ჩემი უპირატესობა წარმოვაჩინო
იაგო ხვიჩია - ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, ლოგიკურად სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ, 19 კანდიდატის დასახელება არის დამატებითი შანსი, ჩემი უპირატესობა წარმოვაჩინო

„გირჩის“ წევრის, სახალხო დამცველობის კანდიდატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, 19 კანდიდატის დასახელება არის დამატებითი შანსი, საკუთარი უპირატესობა წარმოაჩინოს.

იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველად პარლამენტის წევრებმა ის უნდა აირჩიონ.

„ჩემი კოლეგების თავში რაიმე რაციონალური თუ არსებობს, ლოგიკურად სახალხო დამცველად უნდა ამირჩიონ, მაგრამ იმედი მაქვს-თქო, ხმამაღალი ნათქვამი იქნება. 19 კანდიდატის დასახელება არის დამატებითი შანსი, რომ 19 კანდიდატთან მიმართებაში ჩემი უპირატესობა წარმოვაჩინო და ჩემს კოლეგებს უკეთ დავანახო ყველაფერი, 19-ჯერ გადავამეორებინო გაკვეთილი. 19-ჯერ რომ გადაიმეორებენ, უფრო მეტი შანსი იქნება, სახალხო დამცველად ამირჩიონ“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატობის სურვილი 19-მა პირმა გამოთქვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაასახელა კანდიდატები, რომლებსაც კონკურსში მონაწილეობა სურთ. ამასთან, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, პარლამენტში წარადგინონ 19-ვე კანდიდატი და ამის შესაძლებლობას იძლევა რეგლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება. ოიოსელიანმა ასევე განაცხადა, რომ ყველას უნდა მიეცეს საშუალება, სახალხო დამცველობისთვის იბრძოლოს.