იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, „ნაცების“ ყოფილი და „ლელოს“ მოქმედი სტრატეგოსი „ქოცია“, რადგან ხელი რასაც მოჰკიდა, ყველაფერი „ქოცებმა“ მოიგეს
იაგო ხვიჩია - ჩემი აზრით, „ნაცების“ ყოფილი და „ლელოს“ მოქმედი სტრატეგოსი „ქოცია“, რადგან ხელი რასაც მოჰკიდა, ყველაფერი „ქოცებმა“ მოიგეს

„ნაცებმა“ როზნერზე უარი თქვეს, რადგან, ეტყობა, მისი მომსახურება არ მოეწონათ და ახლა „ლელოს“ „შეტენეს“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, თანამდებობების პირთა ქონებრივი დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ.

„ჩემი აზრით, „ნაცების“ ყოფილი და „ლელოს“ მოქმედი სტრატეგოსი „ქოცია“, რადგან ხელი რასაც მოჰკიდა, ყველაფერი „ქოცებმა“ მოიგეს 2012 წლის არჩევნებიდან დაწყებული, „ლელოს“ დღევანდელი „ფორდ მუსტანგის“ სტრატეგიით დამთავრებული. ძალიან მიკვირს, ასეთ სტრატეგოსს აბრალებდე „ნაცია“ ან „ლელოსია“, როგორ შეიძლება, კითხვა არ დასვა, იქნებ საერთოდ „ქოცია?“ „ნაცებმა“ როზნერზე უარი თქვეს, რადგან, ეტყობა, მისი მომსახურება არ მოეწონათ და ახლა „ლელოს“ „შეტენეს“. მანამდე მათ ჰყავდათ „შეტენილი“ და ახლა „ლელოს“ რომ „შეტენეს“, ეს „ნაცებს“ ეცოდინებოდათ. სავარაუდოდ, „ქოცებმა“ „შეტენეს“. რთულია, ადამიანი გაამტყუნო, „ლელოს“ არჩევნები რატომ არ მოაგებინეო, რადგან სპეციფიკური პარტიაა. ამის მიუხედავად, როზნერი მაინც „ქოცი“ მგონია. რაც შეეხება „ნაცების“ პიარტექნოლოგებს, ძალიან საინტერესო იქნება, პაატა მანჯგალაძე ლოყას რომ უშვერს კობახიძეს. მსგავს კადრს თუ დაინახავთ, მეც მითხარით. ასეთ სასიყვარულო ურთიერთობას ვერავინ შექმნის, პიარმენეჯერი ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა: „ქართული ოცნების“ ზიზღის ენას სიყვარულით ვუპასუხებთ, ჩვენი მხრიდან სიძულვილი არ იქნება, მხოლოდ სიკეთე და სიყვარული“.