იაგო ხვიჩია - აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომლის იმედადაც შეიძლება ამ სამყაროში მშვიდად ყოფნა, ვერასდროს გავიგებ, რას შეიძლება ემსახურებოდეს ამერიკის ლანძღვა-გინება
იაგო ხვიჩია - აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომლის იმედადაც შეიძლება ამ სამყაროში მშვიდად ყოფნა, ვერასდროს გავიგებ, რას შეიძლება ემსახურებოდეს ამერიკის ლანძღვა-გინება

პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას შეფასებით, „ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხეული „ოცნებასთან“ შეთანხმებული სტრატეგიით მოქმედებს.

ხვიჩიას თქმით, აშშ არის საქართველოს ყველაზე ერთგული და ძლიერი მეგობარი, ერთადერთი ქვეყანა, რომლის იმედადაც შეიძლება ამ სამყაროში მშვიდად ყოფნა.

ამასთან, იაგო ხვიჩია გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრების განცხადების იმ ნაწილსაც, სადაც საუბარია, რომ „მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ამერიკული საბიუჯეტო წყაროებიდან იღებს ოფიციალურ დაფინანსებას და შესაბამისად, თითოეული გზავნილი, სიტყვა ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებს უკავშირდება“.

„ამაზე ლაპარაკის დროს, საკუთარ თავზე ფიქრობდნენ, თავიანთი პოზიცია ხომ ისაა, რომ რასაც „ქართული ოცნება“ ვერ ლაპარაკობს, იმას ესენი ლაპარაკობენ. ფიქრობენ, რომ ამერიკის ელჩიც მასეა, როგორც თვითონ. არ მგონია, ქალბატონი კელი ისე იყოს, როგორც ოთხეული. მაკკეინის ინსტიტუტის შესახებ ამდენი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ აქაც საკუთარ თავზე ფიქრის შედეგად არის მიღებული ეს პოზიცია, რომ ვიღაც ვისაც უხდის ფულს, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ის ავტომატურად ამერიკის მთავრობის პოზიციას ახმოვანებს. შეიძლება, ასეც კი იყოს, არ ვიცი. ელჩი არ ახმოვანებს და მაკკეინის ინსტიტუტი უფრო ახმოვანებს. არ ვიცი, ალბათ სხვა ეზოთერმული ცოდნაა, როემლიც მე არ ვიცი. ამერიკა არის ჩვენი ყველაზე ერთგული და ძლიერი მეგობარი. ერთადერთი ქვეყანაა, რომლის იმედადაც შეიძლება ამ სამყაროში მშვიდად ყოფნა. ვერასდროს გავიგებ, საქართველოს მთავრობისგან რას შეიძლება ემსახურებოდეს ამერიკის ლანძღვა-გინება. ეს სიგიჟედ გამოიყურება ყველანაირი თვალსაზრისით, როგორც არ უნდა შევხედოთ. ამიტომ არარაციონალურ ქმედებებზე პასუხების გაცემა მიჭირს. ოთხეულის განცხადებები „ქარულ ოცნებასთან“ შეთანხმებული სტრატეგიაა. როგორც გუშინ ბატონმა კობახიძემ თქვა, ეს ოთხეული ჯერ კიდევ უმრავლესობაშია“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებმა, პარლამენტის დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელეს.

დეპუტატები მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, ეველინ ფარკას განცხადებებს გამოეხმაურნენ.