იაგო ხვიჩია - არსებობს ორი გზა, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენ არ გვინდა, არჩევანი გავაკეთოთ ამ ორ პარტიას შორის, „გირჩის“ გზა სწორედ ამის გამოხატულება იქნება
იაგო ხვიჩია - არსებობს ორი გზა, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენ არ გვინდა, არჩევანი გავაკეთოთ ამ ორ პარტიას შორის, „გირჩის“ გზა სწორედ ამის გამოხატულება იქნება

ხვალ გახდება საჯარო ჩვენი გეგმის არსებითი ვერსია, როგორ ვუყურებთ პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ ვერ შედგება შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „გირჩს“ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრა ჩანიშნული არ აქვს.

„ქართულ ოცნებას“ საკმარისად შევხვდით. ჩვენ არ გვაქვს კომუნიკაციის პრობლემა, რა ტიპის ურთიერთობა და გაცვლა გვჭირდება ერთმანეთისგან, მაგისთვის შეხვედრა არ არის აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენ გვექნება ჩვენი, „გირჩის“ გზა მესამე, თუ, რასაკვირველია, შეთანხმება არ შედგა და მალე არ შედგა შეთანხმება ზოგადად ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. გავაცანით ჩვენი გეგმა ჩვენს სათათბიროს, ხვალ გახდება ყველასთვის საჯარო მისი არსებითი ვერსია. ეს გეგმა უკავშირდება იმას, ჩვენ როგორ ვუყურებთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებას იმ შემთხვევაში, თუ ვერ შედგება შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „გირჩს“ არ სურს, არჩევანი გააკეთოს ორ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის და რომელიმე მათგანის გზას გაჰყვეს.

„არსებობს ორი გზა, „ქართული ოცნების“ გზა და „ნაციონალური მოძრაობის“ გზა. ერთი ქუჩაშია, მეორე პარლამენტის ტრიბუნასთან. ჩვენ არ გვინდა არჩევანი გავაკეთოთ ამ ორ პარტიას შორის და „გირჩის“ გზა სწორედ ამის გამოხატულება იქნება. მე არ მაქვს ინფორმაცია შემდეგ რაუნდზე, მაგრამ ბევრ სხვადასხვა ტიპის ჭორს ვისმენთ ჩვენზე, მათ შორის, რას გავაკეთებთ. ვერ გეტყვით, რომ მართლდება, მაგრამ ამ კვირაში მუსირებს ჭორი, რომ რაღაც მოხდება, ამას ჩვენც ველოდებით. სხვა ხალხი არსებობს შეთანხმების ჩამშლელი, ჩვენ რომ ვეუბნებოდით ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზას, ბატონ ვაშაძეს მათ შორის, მაშინ არ დაგვეთანხმნენ. „გირჩი“ დიდი ხანია, ინდივიდუალურად წყვეტს ყველაფერს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აპრიორი პარლამენტში გადაწყვეტს შესვლას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.