იაგო ხვიჩია - პარტიები არ უნდა ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან, ჩვენ ისედაც არ ვაპირებთ ამ ფულის აღებას, ამომრჩეველს შევპირდით, რომ „ტესლას“ გავათამაშებდით
იაგო ხვიჩია - პარტიები არ უნდა ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან, ჩვენ ისედაც არ ვაპირებთ ამ ფულის აღებას, ამომრჩეველს შევპირდით, რომ „ტესლას“ გავათამაშებდით

მხარს არ ვუჭერთ, რომ პოლიტიკურ პარტიებზე იხარჯებოდეს ბიუჯეტის ფულები, ვიდრე ბოიკოტი დაიწყებოდა, არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ „გირჩის“ პოლიტიკოსები არ დახარჯავდნენ საბიუჯეტო ფულს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პარტიას პოზიცია არ შეუცვლია.

„ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. ჩვენი პოზიციაა, რომ პოლიტიკური პარტიები არ უნდა ფინანსდებოდნენ ბიუჯეტიდან. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვასაც უნდა ჩამოეხსნას საბიუჯეტო დაფინანსება. ახლა ფაქტობრივად ორი პარტიაა დარჩენილი, „გირჩი“ და პარტია „მოქალაქეები“, რომლებსაც საბიუჯეტო დაფინანსება არ აუღიათ. ჩვენ ისედაც არ ვაპირებთ ამ ფულის აღებას. ამომრჩეველს შევპირდით, რომ „ტესლას“ გავათამაშებდით. ზოგადად, ამომრჩევლის, მარტო ჩვენსას არა. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ, „ტესლას“ გავათამაშებთ იმ ხალხზე, რომელიც იყო 2020 წლის არჩევნებზე და ამის დამადასტურებელი სურათი აქვს საარჩევნო უბანთან გადაღებული. ასევე ხალხს მოვუწოდებ ამ არჩევნებზე მისვლას, საარჩევნო უბანთან სელფის გადაღებას და ატვირთვას საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდებზე აბრევიატურით, ჰეშთაგით „მოიგე ტესლა“.

ჩვენ მაინც არ ვიღებთ ამ ფულს. მხარს არ ვუჭერთ, რომ პოლიტიკურ პარტიებზე იხარჯებოდეს ბიუჯეტის ფულები, თუმცა გვესმის, რომ ამჯერად ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს არაფერი არ დაუშავებიათ. ჩვენგან განსხვავებით, მათ თავიდან არ ჰქონიათ გაცხადებული პოზიცია, რომ პოლიტიკური პარტია არ უნდა ფინანსდებოდეს ბიუჯეტიდან. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ვიდრე ბოიკოტი დაიწყებოდა, არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ „გირჩის“ პოლიტიკოსები არ დახარჯავდნენ საბიუჯეტო ფულს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პარტია „მოქალაქეებს“ და „გირჩს“ სახელმწიფო დაფინანსება პირველი აგვისტოდან აღუდგებათ. შესაბამისი ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში შედის, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტთან პრეტენზიები საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს პრეტენზია არ აქვს და მხარს უჭერს. თუმცა ცვლილებას მხარს არ უჭერს „გირჩი“. ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ და ამ მექანიზმით სარგებლობას არ აპირებენ.