იაგო ხვიჩია - არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს არ ვაპირებ, ვიდრე ჩემი კოლეგები არ მეტყვიან, ვის რა უნდა, ხალხს ვინც ქუჩაში ეძახის, პროცესი უნდა დაიწყოს თვითგამორკვევით
იაგო ხვიჩია - არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს არ ვაპირებ, ვიდრე ჩემი კოლეგები არ მეტყვიან, ვის რა უნდა, ხალხს ვინც ქუჩაში ეძახის, პროცესი უნდა დაიწყოს თვითგამორკვევით

24 თებერვალს აქციაზე მისვლას არ ვაპირებ, ზოგადად, არცერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს არ ვაპირებ იქამდე, ვიდრე ჩემი კოლეგები არ მეტყვიან, ვის რა უნდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ვინც ხალხს ქუჩაში ეძახის, პროცესი თვითგამორკვევით უნდა დაიწყოს.

„თქვენც არ გეცოდინებათ, რომელ პარტიას რა უნდა და რისთვის იბრძვის, ჩემი დახმარება რაში სჭირდებათ. ამბობენ, უკრაინის მიმართ გამოხატავენ სოლიდარობას და „ქოცებს“ გმობენ, ამას სხვადასხვა მეთოდით ყოველდღე ვაკეთებთ და ამისთვის 24 თებერვლამდე ლოდინი რა საჭიროა? საქართველოში პოლიტიკური პარტია გინახავთ, რომელიც აქციას სხვისი პოლიტიკური მიზნებისთვის აკეთებდეს? უკრაინის სოლიდარობას გამოვხატავთო, ვფიქრობ, ეს მათი ამბავია.

პარტიები ყოველთვის ცდილობენ, საკუთარ ამომრჩეველს რაღაც-რაღაცები შესთავაზონ. როგორც ზაფხულში იყო შეთავაზება, რომ შემოდგომიდან „ქოცებს“ დავამხობთ, რევოლუცია იქნება, ცხელი შემოდგომა იქნებაო. ზამთარი იყო, გაზაფხულდა და ხალხი, ვინც ცხელ შემოდგომას აანონსებდა, ცხელ გაზაფხულს აანონსებს. ევროპულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით აქციაზე ასი ათასი ადამიანი მოვიდა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი გვაკლდა და რაიმე მიზანს ვერ მივაღწიეთ? მგონი, ამ ამბავს ჭკუა უნდა ესწავლებინა.

ჩვენს კოლეგებს ვეუბნებით, ჯერ ხალხს შესთავაზონ, რა უნდათ. აქციაზე 200 ათასი ადამიანი რომ მივიდეს, რას შვრებიან? თვითგამორკვევის ეტაპი უნდა იყოს, ვინ ვარ მე? პოლიტიკოსებმა ეს კითხვა საკუთარ თავს უნდა დაუსვან. ვინც ხალხს ქუჩაში ეძახის, პროცესი თვითგამორკვევით უნდა დაიწყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.