იაგო ხვიჩია - არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობისგან“ არც ერთი უმსგავსობის ატანას, სანამ მათი პასუხისმგებლიანი წევრები ბოდიშს არ მოიხდიან, რომ მთელ ოპოზიციას გაყიდულს გვეძახდნენ და გვეძახიან
იაგო ხვიჩია - არ ვაპირებ „ნაციონალური მოძრაობისგან“ არც ერთი უმსგავსობის ატანას, სანამ მათი პასუხისმგებლიანი წევრები ბოდიშს არ მოიხდიან, რომ მთელ ოპოზიციას გაყიდულს გვეძახდნენ და გვეძახიან

„ნაცმოძრაობამ“ განაცხადა, რომ ბოიკოტშია, ანუ გამოვიდა, რომ ყველა პრივილეგიას ითხოვენ ბოიკოტის პარალელურად, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

„ეს პოსტი „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ და იმაზე, რომ არ ვაპირებ მათგან არც ერთი უმსგავსობის ატანას, სანამ მათი პასუხისმგებლიანი წევრები ადამიანურად ბოდიშს არ მოიხდიან იმაზე, რომ მთელ ოპოზიციას ჩვენი ჩათვლით თანამდებობეზე გაყიდულს და ქოცებთან შეკრულს გვეძახდნენ და დღემდე გვეძახიან.
ახლა აგიხსნით რა ხდება აქ:

1. ნაცებმა კომიტეტის თავმჯდომარედ წარადგინეს ძალიან ღირსეული ადამიანი, ბატონი როსტომ ჩხეიძე (პუნქტი 59).

2. მანამდე წარდგენილი ჰქონდათ 14 სხვა ადამიანი ანალოგიურ თანამდებობებზე ერთ-ერთ ასეთ ასევე ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ბატონ მანუჩარ კვირკველიას მეც დავუჭირე მხარი სპორტის კომიტეტში (მე ამ დროს ფორმალურად ჯერ კიდევ არ ვიყავი სპორტის კომიტეტის წევრი, მაგრამ სხდომას ვესწრებოდი და ორივე ხელით დავუჭირე მხარი მის კანდიდატურას).

ასევე ვფიქრობ, რომ ამ 14-კაციან სიაში რამდენიმე ძალიან ღირსეული ადამიანია, რომელსაც სიამოვნებით დავუჭერდი მხარს, რომ შემეძლოს (მაგალითისთვის, ბატონი დევი ჭანკოტაძე თავდაცვის კომიტეტში).

ანუ იმის თქმა მინდა, რომ მე არასოდეს დამიყენებია ეჭვქვეშ კანდიდატთა ღირსეულობა, მაგრამ გავაკრიტიკე ეს მიდგომა, რადგან ჩვენ, „გირჩს“ არც ერთი თანამდებობა არ მოგვითხოვია და „ნაცმოძრაობის“ წევრები, აქტივისტები და მედია ღიად გვაბრალებდნენ ქოცებთან შეკრულობას.

ეს აწმყოშიც გრძელდება.

3. ჩემი ამ კრიტიკის შემდეგ ჩემთან მოვიდა „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი და მითხრა, რომ მე ვიტყუებიდი და ისინი არ ითხოვდნენ თანამდებობებს, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება ფოტოს სახით მქონდა წარმოდგენილი.

4. მერე თითქოს თქვეს, რომ ეგ სია გამოითხოვეს უკან და არც ერთი პრივილეგია არ გვინდაო, გააჟღერეს. ზოგიერთი მათგანი პირად საუბარშიც კი უტიფრად მიმეორებდა ამ სისულელეს.

5. ბატონი როსტომის დანიშვნის მოთხოვნის გარდა, „ნაცმოძრაობამ“ მოითხოვა მეგობრობის ჯგუფში ხალხის ჩასმა, რათა მივლინებებში იმოძრაონ (პუნქტი 63).

6. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრის პარალელურად „ნაცმოძრაობამ“ განაცხადა, რომ ბოიკოტშია (პუნქტი 64). ანუ გამოვიდა, რომ ამ ყველა პრივილეგიას ითხოვენ ბოიკოტის პარალელურად.

როგორ ფიქრობთ, რამდენად თანმიმდევრულია ეს ყველაფერი? და რამდენად უნდა ვითმენდეთ ამ სიყალბეს?“, – წერს იაგო ხვიჩია „ფეისბუქზე“.