იაგო ხვიჩია - არ მჯერა, რომ შევთანხმდებით და ოპოზიცია იტყვის, კარგი სასამართლო რეფორმა გვაქვსო, მაგრამ მინდა, დავაკვირდე და ვნახოთ, რა გამოვა
იაგო ხვიჩია - არ მჯერა, რომ შევთანხმდებით და ოპოზიცია იტყვის, კარგი სასამართლო რეფორმა გვაქვსო, მაგრამ მინდა, დავაკვირდე და ვნახოთ, რა გამოვა

არ მჯერა, რომ შევთანხმდებით და ოპოზიცია ერთად იტყვის, რომ კარგი სასამართლო რეფორმა გვაქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სურს, დააკვირდეს და შეხედოს, როგორ განვითარდება პროცესები სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.

„ამ რაღაცაში მონაწილეობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს. მაგალითად, მაინტერესებს, ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერები, რომელთაც თავის დროზე ჩვენთან ერთად დადეს სასამართლოზე შეთანხმება, ახლა როცა ასეთი განსაცდელია, როცა ყველამ თავისი პოზიცია უნდა წარმოადგინოს, მაინტერესებს, ეს ამბავი ვინმეს გაახსენდება თუ – არა. სამწუხაროდ, ჩვენ ამომრჩეველთა იმდენი მხარდაჭერა არ გვაქვს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მივიდეთ და სასამართლო რეფორმის განხორციელება მოვთხოვოთ. სასამართლო რეფორმის პირველიდან- მეოთხე ტალღა მაინც და მაინც ჩემი კომპეტენცია არ არის, მაგრამ მინდა, დავაკვირდე და ვნახოთ, რა გამოვა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტში შეხვედრა გამართეს, რა დროსაც სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც გატარებულ რეფორმებს შეაფასებს, ასევე მოამზადებს საკუთარ ხედვას.