იაგო ხვიჩია - არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის უაზრო ვეტოებით გამოხატული წინააღმდეგობა არის რეალური
იაგო ხვიჩია - არ მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის უაზრო ვეტოებით გამოხატული წინააღმდეგობა არის რეალური

ჩემთვის უკვე ძალიან მომაბეზრებელი გახდა „ქართული ოცნებისა“ და პრეზიდენტის ეს დამპლური თამაშები. თითქოს ერთმანეთს უწევენ წინააღმდეგობას, ერთმანეთს ებრძვიან, მაგრამ სინამდვილეში ვეტო არის ყოველთვის უაზრო კანონებზე, რომელსაც არანაირი შინაარსი და შედეგი ქართველი ხალხისთვის არ მოჰყვება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს ჯარის კანონზე არ დაუდია ვეტო, სადაც მას პირადად, ქართველ ხალხს და ქართულ ჯარისკაცებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და
ახლა ვეტოს ადებს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ყველამ იცის, რომ არაფერს შეცვლის.

„მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღებამდეც ცესკო-ს ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი კალანდარიშვილი, ამ კანონის მიღების შემდეგაც იქნება კალანდარიშვილი, ვეტოს გათვალისწინებით და ვეტოს დაძლევის შემთხვევაშიც იქნება ბატონი კალანდარიშვილი. ჩვენ ვკამათობთ იმასთან დაკავშირებით, მართლა ებრძვის თუ არა პრეზიდენტი „ქართულ ოცნებას“. თქვენ მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტს ჯარის კანონზე არ დაუდია ვეტო, სადაც მას პირადად შეურაცხყოფას აყენებდნენ, ქართველ ხალხს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ქართველ ჯარისკაცებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და გამოხტა ახლა, დაადო ვეტო კალანდარიშვილის კანონპროექტს, რომელიც ყველამ იცის, რომ არაფერს შეცვლის არც ასე და არც ისე, არავისთვის. მგონია, ესაა შეთანხმებული წინააღმდეგობის ფარგლები „ქართულ ოცნებასა“ და ქალბატონ ზურაბიშვილს შორის. ამით ცდილობენ, ქალბატონი ზურაბიშვილი გადმოაგდონ ოპოზიციის მოედანზე, მაგრამ, ჩემი აზრით, არანაირი საფუძველი ქალბატონ ზურაბიშვილს არ მოუცია ჩვენთვის, ვიფიქროთ, რომ ის ებრძვის ბიძინა ივანიშვილს. თავის მხრივ, არც ბატონ ბიძინა ივანიშვილს არ მიუცია რამე ცუდის გაკეთებისა და გაფიქრების საშუალება ქალბატონი სალომესთვის, პირიქით, ზედ გადაჰყვა მას და არ მჯერა, რომ ქალბატონი სალომეს წინააღმდეგობა არის რეალური, რომელიც ამ უაზრო ვეტოებით გამოიხატება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტოს დაადებს.