იაგო ხვიჩია - არ მინდა, შალვა შავგულიძეზე გავიწიო, როგორ გამაბრაზეთ მეთქი
იაგო ხვიჩია - არ მინდა, შალვა შავგულიძეზე გავიწიო, როგორ გამაბრაზეთ მეთქი

არ მინდა, ბატონ შალვა შავგულიძეზე გავიწიო, როგორ გამაბრაზეთ მეთქი, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„მე პოლიტიკოსი ვარ და შესაბამისად, ასეთი წყენები არ მაქვს. ბატონ შალვა შავგულიძეს ჰქონდა საშუალება, მოსულიყო და „გირჩის“ ამომრჩევლებისთვის თავისი მოსაზრება აეხსნა. შეიძლება, მე შეურაცხყოფილი ვიყო პოლიტიკურად, მაგრამ ეს არანაირად არ იწვევს ჩემს გაბრაზებას, არანაირ უარყოფით ემოციას არ აღძრავს და არ მინდა, ბატონ შალვა შავგულიძეზე გავიწიო, როგორ გამაბრაზეთ მეთქი. საერთოდ, ასეთი გრძნობა „გირჩში“ არავის არ აქვს. უბრალოდ, პოლიტიკურად პასუხები ხომ უნდა გვქონდეს ყველა კითხვაზე?!“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამ განცხადებით იაგო ხვიჩიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არიან თუ არა „გირჩის“ წევრები შალვა შავგულიძის მიმართ ერთგვარად განაწყენებული, რადგან ის ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინც პირველი ტურის წინ არ მიიღო „გირჩის“ შეთავაზება, „გირჩის“ ამომრჩევლებთან შეხვედრისას მისულიყო და მათთვის საკუთარი ხედვა გაეცნო.

მისი თქმით, სხვა კითხვებთან ერთად, შალვა შავგულიძის მიმართ „გირჩს“ აქვს შემდეგი კითხვები – რა გააკეთა სასამართლოს მიმართულებით მაშინ, როცა მურუსიძე სასამართლოში ფესვებს იდგამდა, ის კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო, რატომ წარმოადგენს დღეს სამ სხვადასხვა პარტიას, რომლებსაც ადრე ებრძოდა და რა შეიცვალა მასში, ან ამ პარტიებში.

როგორც ხვიჩიამ განაცხადა, „ევროპულ საქართველოს“ „გირჩის“ წევრებმა, როგორც კოლეგებმა, „გირჩის“ წევრებთან შეხვედრის ასპარეზი შესთავაზეს, რათა მათ თავად აეხსნათ, რატომ ითხოვენ „გირჩის“ ამომრჩეველთა ხმებს.

„თუ რომელიმე ადამიანი საუბრის გამო დარწმუნდება, რომ ხმა სხვა ოპოზიციურ პარტიას მისცეს, ჩვენ, როგორც კოლეგებმა, „ევროპულ საქართველოს“ „გირჩის“ წევრებთან შეხვედრის ასპარეზი შევთავაზეთ. „გირჩის“ წევრები თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობენ ხოლმე „გირჩის“ წევრების ჯგუფში, სადაც სხვადასხვა ადამიანების მიერ ყოველდღიური პოლიტიკური საკითხები იხილება. ჩვენ მათ შევთავაზეთ ამ ჯგუფში შალვა შავგულიძის, ან „ევროპული საქართველოდან“ სხვა ადამიანების დროებით შესვლა, რომ მათ თვითონ აეხსნათ, რატომ ითხოვდნენ ხმებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა საარჩევნო ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ „გირჩის“ მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ „გირჩს“ შალვა შავგულიძის მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ პირადად მისი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, მაგრამ ეს „გირჩის“ ლიდერების გადასაწყვეტი არ არის და ამას „გირჩის“ ამომრჩეველი გადაწყვეტს, გააკეთოს თუ არა მეორე არჩევანი.