იაგო ხვიჩია - არ მგონია, შოვის ტრაგედიაში შს მინისტრია დამნაშავე და ადამიანურად რამეს დააკლებდა ამ სიტუაციაში
იაგო ხვიჩია - არ მგონია, შოვის ტრაგედიაში შს მინისტრია დამნაშავე და ადამიანურად რამეს დააკლებდა ამ სიტუაციაში

არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, რომ ადამიანურად რამეს დააკლებდით, რადგან ადამიანურად მესმის, სინამდვილეში როგორ იმოქმედებდა ნებისმიერ ჩვენგანზე ასეთი ტრაგედია, – ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხვიჩიას თქმით, არასწორია ერთი დიდი სამაშველო სამსახურის არსებობა, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე და მინისტრიც არასწორი მოწყობის მსხვერპლია.

„შეეძლო თუ არა სახელმწიფოს, ყველაფერი გაეკეთებინა ამ სიტუაციაში? მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ შოვში ტრაგედია მოხდა და მთავარ პასუხისმგებელ პირად ადამიანების დიდ ნაწილს წარმოუდგება შინაგან საქმეთა მინისტრი. არადა, რა შუაშია შინაგან საქმეთა მინისტრი, ვინმეს შეუძლია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახსნას თბილისში რომელიმე სამინისტროს მინისტრს და შოვის ტრაგედიას შორის? დარწმუნებული ვარ, როგორც კი მინისტრი გაიგებდა, ეცდებოდა, თვითმფრინავი დაეორგანიზებინა, ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ შესაძლებელია კი თბილისიდან ასეთი საქმის კეთება? ანუ, ზოგადად, რამდენად სწორია ჩვენი მოწყობა, რომ თბილისში ვინც ზის, იმ თანამდებობის პირს მოეთხოვება პასუხი თბილისიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით მოშორებულ ტერიტორიაზე  უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით? ვფიქრობ, არა. თბილისში ერთი დიდი საგანგებო სამსახურის არსებობა და ყველაფერზე მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე ერთი დიდი შსს-ს არსებობა, რომელიც პასუხისმგებელია ყველაფერზე, ეს მოწყობაა არასწორი. ჩემი აზრით, თქვენც ამ არასწორი მოწყობის მსხვერპლი ხართ, ბატონო მინისტრო, რადგან წარმოიდგინეთ, ჩვენ არ გვაქვს ადგილობრივი სამსახურები, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, არ გვაქვს არცერთი ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც შევძლებდით ამ ყველაფრის გარკვევას.

„მაგალითად, ადგილობრივ თვითმმართველობაში ადეკვატური სამაშველო სამსახურის არსებობის შემთხვევაში პასუხს თქვენ ხომ არ მოგთხოვდნენ, მოსთხოვდნენ თვითონ ერთმანეთს, მაგრამ ასეთი ფუნქცია არ არსებობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ არსებობს სასამართლო, რომელიც გაარკვევდა და დავუჯერებდით. ჩვენი პრობლემა ხომ ის არის, რომ ყველაფერი არასწორად გვაქვს მოწყობილი და არ შეგვიძლია, შევაფასოთ და მერე დავუჯეროთ რომელიმე უწყებას. ფაქტია, სახელმწიფომ დაღუპულ მოქალაქეებს არ შესთავაზა იდეალური დახმარების საშუალება. დარწმუნებული ვარ, თქვენ თქვენი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმი გააკეთეთ, მაგრამ იყო კი ეს მოწესრიგება სწორი? მგონია, რომ ეს კითხვაა მთავარი, რომელიც ამ უბედური შემთხვევის შემდეგ უნდა გვაწუხებდეს და არა ის, დამნაშავეა თუ არა შს მინისტრი უბედურ შემთხვევაში. ამ კითხვას, მგონი, არანაირი შინაარსი არ გააჩნია“, – განაცხადა ხვიჩიამ.