იაგო ხვიჩია - არ მგონია, ცესკო-ს თანამშრომლობა იყოს ის დანაშაული, რომლის შემდეგაც ადამიანს შანსი არ აქვს
არ ვიცნობ არც ერთ კანდიდატს, ცესკო-ს თანამშრომლები არიანო, მაგრამ არ მგონია, ცესკო-ს თანამშრომლობა იყოს ის დანაშაული, რომლის შემდეგაც ადამიანს შანსი არ აქვს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატურებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად ესმის კრიტიკული მოსაზრებებიც.
„ჯერ ახლა დაიწყო პროცესი, პირველი კანდიდატის გასაუბრება მიმდინარეობს. შესაბამისად, მე ახლა გითხრათ, რომ მხოლოდ 6-თვიან ცესკო-ს მივიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არავის მხარი არ დავუჭირო მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა მოხდეს გასაუბრებაზე. ასეთი განწყობით არ ვარ, თუმცა რასაკვირველია, არ გამოვრიცხავთ, რომ ჩემი კოლეგები აღმოჩნდნენ მართლები, უახლესი გამოცდილება ამას გვიჩვენებს „ქართული ოცნების“ მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების პატიოსნებასთან დაკავშირებით. მე არ ვიცნობ არც ერთ კანდიდატს, ცესკო-ს თანამშრომლები არიანო, მაგრამ არ მგონია, ცესკო-ს თანამშრომლობა არის ის დანაშაული, რომლის შემდეგაც ადამიანს არ აქვს შანსი, თუმცა მესმის კრიტიკული მოსაზრებებიც კანდიდატებზე.
ფაქტობრივად ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატები არიან, მათ აწყობთ და ასე შემდეგ. მე არ მიყვარს ადამიანის გაცნობის გარეშე მათზე პირდაპირ საზოგადოებაში არსებული ჭორების გავრცელება. ჩვენ აქ ვართ ყველანი და ვეცდებით, საზოგადოებას გავაგებინოთ, ვინ არიან კანდიდატები და ჩვენც გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა. თუ დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“, როგორც მოსამართლეების შემთხვევაში, აქაც ძალიან ცდილობს, გაიტანოს თავისო კანდიდატები, ნუ ოქეი, ჰყავდეს 6-თვიანი ცესკო, არ არის პრობლემა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო. ცესკო-ს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილნი არიან გია ცაცაშვილისა და ლელა ტალიურის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე – თამარ სართანიას და მაია ზარიძის კანდიდატურები. ცესკო-ს წევრობის კანდიდატურების მოსმენის შემდეგ, კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურებს მოუსმენს. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ფრაქცია ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. მისი თქმით, მიმდინარე პროცესი არ შეუწყობს ხელს მაღალი კონსესუსით – 2/3-ით ცესკოს კანდიდატურების არჩევას და საზოგადოებას ამ კომისიის მიმართ ნდობა არ ექნება.