იაგო ხვიჩია - არ გამოვრიცხავ, ვინმე რაიმეს აპირებდეს, მათ შორის ოპოზიცია, მაგრამ უპირატესი დამნაშავეა ის, ვინც ჩაწერის ბრძანება გასცა და გადაიღო
იაგო ხვიჩია - არ გამოვრიცხავ, ვინმე რაიმეს აპირებდეს, მათ შორის ოპოზიცია, მაგრამ უპირატესი დამნაშავეა ის, ვინც ჩაწერის ბრძანება გასცა და გადაიღო

„გირჩის“ წევრ იაგო ხვიჩიას შეფასებით, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეიძლება, ფარული ჩანაწერების გავრცელება ხელს აძლევდეს, რადგან ამ საქმიდან მოგებული ვერავინ დარჩება.

„მგონი, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც ფარული ჩანაწერების გავრცელება ხელს აძლევდეს, რადგან შეუძლებელია, გქონდეს იმის გარანტია, რომ შენზე არ იყოს ისეთი რამ გადაღებული, რომლის საჯარო სივრცეში მოხვედრა არ გინდა. თუ მოხვდება, შეიძლება თავი არ მოიკლა, მაგრამ არ გინდა მისი გასაჯაროება. ზოგადად, როცა ქვეყანაში ადამიანის პირადი ცხოვრების კონტროლი იწყება, ეს არავის აძლევს ხელს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც აქედან მოგებული გამოვა. როცა ამ ბრძანებას ერთხელ გასცემ, შენ და შენი ოჯახის წევრებს შეგეხებათ. ამიტომ, ასეთი ბრძანებები არ უნდა გაიცეს და ასეთი კადრები არ უნდა შეაგროვო, რადგან შენ წინააღმდეგ იმოქმედებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის მოთხოვნას, ხვიჩიას თქმით, მტკიცებულებების გარეშე ამაზე ვერ ისაუბრებს. უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა სახის მასალები, როდის არის გადაღებული და ვინმეს მიერ გამოტანილი.

„რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის საკითხს, არ ვიცი, შეიძლება „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ მტკიცებულებების გარეშე საუბარი არ მიყვარს. უნდა ვიცოდეთ, რა სახის მასალები, როდის არის გადაღებული, ატვირთული და ვიღაცის მიერ გამოტანილი. თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის, მაშინ რატომ უნდა გადადგეს თანამდებობიდან? მაშინ უნდა დავიჭიროთ. თუ დანაშაული არ მიუძღვის, მაშინ რატომ უნდა გადადგეს? როცა წინა ხელისუფლებას მის მიერ გადაღებულ კადრებზე ეკითხები, როგორც დაბნეულები გპასუხობენ სისულელეს და უაზრობას, ზუსტად ასევე იქცევა „ქართული ოცნება“ მის მიერ გადაღებული კადრების გამო.

არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც იმას, რომ ვინმე რაიმეს აპირებდეს, მათ შორის ოპოზიცია, მაგრამ ის, ვინც ჩაწერის ბრძანება გასცა და გადაიღო, უპირატესი დამნაშავეა. ცინიზმია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ეკლესიის ინტერესებს იცავენ, რადგან ორივე დიდი ალბათობით ამ საქმეშია გარეული – როგორც გადამღები და გამავრცელებელი. იმის გამო, რომ შერცხვენილი არიან, ახლა ერთმანეთს აბრალებენ, ვინ უფრო სამარცხვინოა და ვინ უფრო მეტი დააშავა ეკლესიის მიმართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. ის ცალკეულმა ტელეკომპანიებმა ეთერითაც გადასცეს. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ეხება. ფაილები შეიცავს არასრულწლოვანთა შესახებ ინფორმაციასაც. საქართველოს პირველი არხი არ გთავაზობთ თავად ამ მასალას, რადგან იგი შეიცავს პირად ინფორმაციას. ამასთან, მათი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.