იაგო ხვიჩია - აქციაზე ვიღაც ყვიროდა, ვიღაც რაღაცას აჯანჯღარებდა, მაგრამ რა შუაშია ეს ყველაფერი შეჭრასთან, ტყუილად გაწუწეს ადამიანები
იაგო ხვიჩია - აქციაზე ვიღაც ყვიროდა, ვიღაც რაღაცას აჯანჯღარებდა, მაგრამ რა შუაშია ეს ყველაფერი შეჭრასთან, ტყუილად გაწუწეს ადამიანები

აქციაზე ვიღაც ყვიროდა, ვიღაც რაღაცას აჯანჯღარებდა, მაგრამ რა შუაშია ეს ყველაფერი შეჭრასთან, მგონია, რომ ტყუილად გაწუწეს ადამიანები, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ გუშინ, ცესკო-სთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტის მიმართ საპასუხო ქმედება მოსმენაა იმისა, თუ რას ითხოვს ხალხი.

„იმ დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, უბრალოდ, არ ვაპირებდი ცესკო-სთან წასვლას. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მინდოდა ხვალინდელი გეგმების განხილვა, ფიზიკურად სხვაგან ვიყავი. ტელევიზორში დავინახეთ, რომ ხუთი თუ ოცი კაცი გაწუწეს ტყუილად,  არ დამინახავს, რომ მანამდე ვინმე ქვებს ისროდა, ვინმე ვინმეს დაზიანებით ემუქრებოდა, ამიტომ ამ განხილვაში ვერ შევალ, რომ ხალხი  იქ რაღაცას აშავებდა. მგონია, რომ უბრალოდ, ტყუილად გაწუწეს, რის გამოც, ადამიანი, რომელსაც სულ სხვა გეგმები მქონდა, იძულებული გავხდი მივსულიყავი ადგილზე. ჩემი აზრით, მეორეჯერაც ტყუილად გაგვწუწეს. გასაგებია, რომ აქციაა, ვიღაც ჩხუბობს, ვიღაც აჯანჯღარებს, აქცია ასეთია, აქციის შინაარსი არის დაგროვილი მუხტის, გაბრაზების გადმონთხევა, რომ ცოტა დაიცალონ ადამიანები გაბრაზებისგან. ხელისუფლებამ ამ უაზრო თავის მართლების ნაცვლად, ბოდიში უნდა მოიხადოს ამ კორონობის პერიოდში ადამიანების შუა ზამთარში გაწუწვაზე. კიდევ კარგი, რომ მხოლოდ გაწუწვის ბრძანება გასცეს, გაწუწვას ადვილად ვპატიობთ ქართველები, ასეთი ხალხი ვართ. გასაგებია, იქ ვიღაც ყვიროდა, ვიღაც რაღაცას აჯანჯღარებდა, მაგრამ რა შუაშია ეს ყველაფერი შეჭრასთან. ზოგადად, მშვიდობიანი პროტესტის მიმართ საპასუხო ქმედება არის მოსმენა, რას ითხოვს ხალხი, რაზეა შეკრებილი და რაზე გიყვირიან, ეს არის ადეკვატური ქცევა ნორმალურ ქვეყანაში და საღი აზრის გათვალისწინებით, რადგან ხალხი შეიძლება სიგიჟესაც გთხოვდეს. მოცემულ შემთხვევაში მთელი ეს პროტესტი არის ლეგიტიმური და მგონია, საქართველოს ხელისუფლებას ეს ესმის“, – განაცხადა ხვიჩიამ.