იაგო ხვიჩია – ამნისტიის კანონპროექტით გვინდა, დავასრულოთ კონფლიქტი სამივე თარიღზე, ორი წლის წინანდელი ამბის პატიება თუ შეგვიძლია, 10 და 13 წლის წინანდელიც უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს

16:35, 22.05.2021

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ეხება იმას, რომ გადავფურცლოთ თარიღები, რომლებიც ხელს გვიშლის ცხოვრების გაგრძელებაში, ასეთია არა მხოლოდ 20 ივნისი, არამედ 7 ნოემბერი და 26 მაისიც, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, „გირჩის“ კანონპროექტით, 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტია არ გავრცელდება მძიმე სამართალდარღვევებზე, როგორც ეს 20 ივნისთან დაკავშირებით მოხდა.

„ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ეხება იმას, რომ ჩვენ გავაგრძელოთ შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულება სრულყოფილად და გადავფურცლოთ ისეთი თარიღები, რომლებიც ხელს გვიშლის ცხოვრების გაგრძელებაში. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი თარიღები მხოლოდ 20 ივნისი არ არის, ასევე არის 7 ნოემბერი და 26 მაისი, რომელიც სულ არის პოლიტიკური სპეკულაციების ამბავი. ჩვენ გვინდა, რომ კონფლიქტი დავასრულოთ სამივე იმ თარიღზე, რომლებიც ხშირად გვახსენებს თავს და ყველას გვაწუხებს. ორი წლის წინანდელი ამბის პატიება თუ შეგვიძლია, 10 და 13 წლის ამბავიც უნდა ვაპატიოთ ერთმანეთს, შესაძლებლობის ფარგლებში. არის პარალელი სახელმწიფოს მხრიდან ძალის გადამეტების ნაწილში, და არა აქციების მორალურობის ან მისი სისწორის შედარების ნაწილში. ყველა აქციასთან დაკავშირებით სხვადასხვა ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა აზრი, ჩვენ გვაინტერესებს ამ აქციების ერთი ნაწილი, სახელმწიფოს მოქმედება მომიტინგეების წინააღმდეგ. ძალის გადამეტების ნაწილი, რომელიც ამ აქციებზე მოხდა, სამართლებრივად არის საერთო. ჩვენ გვინდა, გავთავისუფლდეთ იმ ტყვეობიდან, რომელიც ფაქტობრივად დიდი ხნის განმავლობაში გვაწუხებს.

რა შეიძლება იყოს ისეთი, რომელსაც ჩვენ ვპატიობთ 20 ივნისს და ვერ ვაპატიებთ სხვა თარიღის დროს, ეს არ ვიცი. არსებობს რაღაც საკითხები, რომლებსაც ვერც იქ და ვერც აქ ვერ ვაპატიებთ, მაგრამ თუ ერთგან შეგვიძლია პატიება, მაშინ მეორეში თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე ხომ იგივე უნდა გავაკეთოთ?! სადაც ფიზიკურ დასახიჩრებასთან გვაქვს საქმე, მაგას ხომ ახლაც არ ვპატიობთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, „გირჩის“ კანონპროექტი შინაარსობრივად „ქართული ოცნების“ 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებული კანონპროექტის ანალოგიურია.

„ქართული ოცნების“ პროექტი ამნისტიასთან დაკავშირებით ჩემთვის მისაღებია და ზუსტად იგივე გადავიტანე მეც. ჩვენ კანონპროექტი ზუსტად იგივეა, როგორიც არის „ქართული ოცნების“, დასაბუთებაც მსგავსია და ზუსტად ასევე არ ეხება კონვენციურ მუხლებს.

ვამოწმებთ, რომ იქ შეიძლება კიდე სხვა მუხლი იყოს ისეთი იმიტომ, რომ ორი გარდაცვლილი ადამიანია 26 მაისის შემთხვევაში და შეიძლება, ეს ნაწილი იყოს ცვლილება, თორემ კონვენციური მუხლები არც ჩვენს პროექტში არ გათავისუფლდება. არც ერთი აქცია იმას არ იმსახურებდა, რაც სახელმწიფომ ქნა. ამიტომ გვჭირდება ამნისტირება.

პროცესის წარმართვა წარმომიდგენია კოლეგებთან საუბრით. ვნახოთ, სანამდე მივალთ. ჩვენ ხომ არ დაგვიშვია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამორალური კანონპროექტი შემოიტანა და ისეთი რამი პატიებას ითვალისწინებს, რისი უფლებაც არ გვაქვს? ზუსტად იგივე გვინდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში შეტანას „გირჩი“ ორშაბათს, 24 მაისს გეგმავს.

მსგავსი