იაგო ხვიჩია - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაში ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას, მივხვდი, რომ პრეზიდენტს არ სურს რამის გაკეთება, მას უნდა, შექმნას აურა, თითქოს რაღაცაზე მუშაობს
იაგო ხვიჩია - სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაში ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას, მივხვდი, რომ პრეზიდენტს არ სურს რამის გაკეთება, მას უნდა, შექმნას აურა, თითქოს რაღაცაზე მუშაობს

ალბათ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაში არ მივიღებ მონაწილეობას, მივხვდი, რომ პრეზიდენტს არ უნდა რამის გაკეთება, მას უნდა, შექმნას აურა, თითქოს რაღაცაზე მუშაობს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, სალომე ზურაბიშვილის გაუბედაობის ყურება უინტერესოა.

„ჩვენ ყველა მსგავსი ტიპის შეხვედრებში ვმონაწილეობთ, თუმცა ბოლო პერიოდში იმდენს ვაკრიტიკებ ქალბატონ პრეზიდენტს და იმდენად მაქვს ხელი ჩაქნეული, მგონი, ჩემს წასვლას სანდრო რაქვიაშვილის წასვლა სჯობს. ამიტომ ალბათ მე არ მივიღებ მონაწილეობას. უკვე ორჯერ თუ სამჯერ ვიყავი პრეზიდენტთან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე, ყველა მის ინიციატივას ცნობისმოყვარეობით გამოვეხმაურე, მივედი მომზადებული, როგორ შეიძლებოდა მისი ინიციატივის გავრცობა, მაგრამ მივხვდი, რომ პრეზიდენტს არ უნდა რამის გაკეთება, მას სურს, შექმნას აურა, თითქოს რაღაცაზე მუშაობს და აკეთებს. არც პრეზიდენტია დამოუკიდებელი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილისგან, შესაბამისად, როგორც დანარჩენ მინისტრებზე ხდება უინტერესო მოსმენა, ასევე უინტერესო და მოსაწყენი ხდება სალომე ზურაბიშვილის გაუბედაობის ყურება. მეცოდება კიდეც, როცა ასეთ რაღაცას იწყებს და შუა გზაზე ჩერდება. რა შანსები აქვს ახლა მის შეთავაზებას, დაანებეთ ამ პრეზიდენტს თავი, დააცადეთ პენსიაზე გასვლა, რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი და უნდა, რომ ბოლომდე მივიდეს. არაფერი საინტერესო არ არის ამ ყველაფერში და არც ველოდები. წლის ბოლომდე მივა, დაგვემშვიდობება, ხელს დაგვიქნევს და ეგეც კარგი იქნება, 10-15 ადამიანი თუ შეიწყალა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. სალომე ზურაბიშვილი გუშინ, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება დამშვიდება, დაცულობა, ამიტომ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულა და გზა არის მომავლის ქარტიის შექმნა. ამასთან, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივაში ჩაერთვება. ამ დროისთვის პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ზურაბ ჯაფარიძე. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“.