იაგო ხვიჩია - ალბათ ერთ კვირაში გაირკვევა, ჩემი ძვირფასი კოლეგები „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული აღმოჩნდებიან თუ „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სანახაობა მოგვიწყო
იაგო ხვიჩია - ალბათ ერთ კვირაში გაირკვევა, ჩემი ძვირფასი კოლეგები „ქართული ოცნების“ მიერ მოსყიდული აღმოჩნდებიან თუ „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სანახაობა მოგვიწყო

ერთ კვირაში გაირკვევა ალბათ, ჩემი ძვირფასი კოლეგები აღმოჩნდებიან მოსყიდული „ქართული ოცნების“ მიერ თუ „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სანახაობა მოგვიწყო, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს პროცესი დრამას დაემსგავსა. იქ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი, აქ რეგლამენტში სხვადასხვა ცვლილება და ა.შ. რითიც ხან იფიქრებ, რომ პრეზიდენტის გადაყენება უნდათ და ხან იფიქრებ, რაღაც სხვა მიზანი აქვთ. ეს პროცესია და, უბრალოდ, გადავწყვიტეთ, ამასთან დაკავშირებით არ გამოვთქვათ რაღაც ღრმად ფილოსოფიური აზრები და დაველოდოთ. ერთ კვირაში გაირკვევა ალბათ, ჩემი ძვირფასი კოლეგები აღმოჩნდებიან მოსყიდული „ქართული ოცნების“ მიერ თუ „ქართულმა ოცნებამ“ მორიგი სანახაობა მოგვიწყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, ახლა არის კითხვა, რა მოხდება პარლამენტში.

„საკონსტიტუციო სასამართლოში ტყუილად რომ არ ჩავიდოდა კობახიძე, თავის დაწერილ კონსტიტუციაზე თავის სასამართლოში სალაპარაკოდ და წასაგებად, მე მგონი, ცხადია და ამის მოლოდინი არავის არ აქვს. რა მოხდება პარლამენტში, ეს არის კითხვა და „ქართული ოცნება“ რომ ამბობს, ოპოზიციაში ვერავინ ვერ დავითანხმეთ, არ უნდათ, კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი გაუშვან და ასე შემდეგო, ხომ გასაგებია, „ქართულ ოცნებას“ იმის მოლოდინი არ ექნება, რომ ეს საქმე უფასოდ გამოვიდოდა. ფული იმდენი აქვს „ქართულ ოცნებას“, რომ რიგში ჩადგება ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ამას მხარს დაუჭერს და იძახიან, არ გამოდის ეს საქმეო, თან, თითქოს ერთი შეხედვით, გადაჭრით. მეორე შეხედვით, რაღაც ცვლილებები შემოაქვთ რეგლამენტში, რომელიც ახლა, წესით, არაფერ შუაში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ ასეთი ხელოვნურად აგორებული თემებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, საზოგადოების ყურადღება არსებითი საკითხებიდან მსგავს დრამებზე გადაიტანოს.

შეკითხვაზე, როგორ უნდა გაიგოს საზოგადოებამ მისი განცხადება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, რაც იქნება ბოლო რამ, რასაც ევროპელები მოგვცემენ, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს, სამყარომ ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს და რუსული დინების მიმართულებით გაგვიშვან, მაგრამ მერე, თუ რაღაც თვალსაზრისით შენზე ფსონს დადებენ, ხელისუფლება ვალდებული იქნება, ეს იმედები გაამართლოს.

„კანდიდატის სტატუსის საკითხი იცით, როგორი საკითხია? ევროპა შენზე რაღაც თვალსაზრისით ამბობს კი-ს. თუ არა-ს – შენ გტოვებენ ბოლომდე რუსული ნარატივის ქვეშ, რაღაცნაირად, ხაზგასმით გითხრეს, რომ შენ არ ხარ ჩვენი წევრი და, აბა, ვინ ხარ? ბუნებრივად, დინებას მიჰყვები და დინება საით წაგიღებს, მე მგონი, გასაგებია. ამას ქართველი ხალხი არ იმსახურებს, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება როგორ იქცევა, როგორ კომენტარებს აკეთებს, რას შვება და ვის როგორ ელაპარაკება. ეს ხელისუფლებაც მოსული არის პროდასავლური ლოზუნგებით და როგორც პროდასავლური, ისე აირჩია ქართველმა ხალხმა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს უარს, რომელიც შეიძლება, მოატყუა საკუთარმა ხელისუფლებამ, უთხრა, პროდასავლური ვარო, მაგრამ მერე კურსს გადაუხვია. თვითონ ხალხი არ იმსახურებს, რომ სამყარომ ჩვენზე ჩაიქნიოს ხელი და რუსული დინების მიმართულებით გაგვიშვან, მაგრამ მერე, რაღაც თვალსაზრისით შენზე თუ ფსონს დადებენ, შენ ხარ ვალდებული, ეს იმედები გაამართლო, რაც შენზე გასცეს, თორემ, ვთქვათ, გაქვს კანდიდატის სტატუსი და იგივე თუ გააგრძელე, იძახე, ჩვენ ქართველები ვართ, არ გვაინტერესებს თქვენი შენიშვნები სასამართლოზე, არაფერს არ გამოვასწორებთ და ასე შემდეგო, როგორც ახლა იქცევი, რას ელოდები ევროპელებისგან?“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.