იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე შემცირება თუ იქნება შეთავაზებული, „გირჩი“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს
იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე შემცირება თუ იქნება შეთავაზებული, „გირჩი“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

ოპოზიციონერი დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ „ქართული ოცნების“ მხრიდან საარჩევნო ბარიერის სამ პროცენტამდე შემცირება იქნება შეთავაზებული.

როგორც ჟურნალისტებს ხვიჩიამ განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებები საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირებას ითვალისწინებს.

„ქოცებს“ შარლ მიშელის დოკუმენტზე წარმართულ ცუდ ქცევებს შევუნდობდი, თუ 2-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი სამუდამო ნორმა გახდებოდა და ჩავთვლიდი, რომ ეს არის ხალხი, ვინც სხვაგან ვერ შეასრულა პირობები, მაგრამ აქ შეასრულეს. თუ საუბარია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირობა ბოლომდე დაარღვიოს საარჩევნო ბარიერის დაწევაზე, მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ განხორციელდება და „ქართული ოცნება“ იქნება ის ძალა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებები თავისი ქმედებებით ჩააგდო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით 7 სექტემბერს განიხილავს. ცვლილებებით, საარჩევნო ბარიერი 5-დან 2 პროცენტამდე მცირდება; ასევე იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესი. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ცვლილებების კორექტირება იგეგმება, თუმცა რა მიმართულებით ამას ჯერ არ აკონკრეტებენ.