იაგო ხვიჩია - აბსურდია, არ ხარ პარლამენტში და ხარ რომელიმე საკრებულოში, სხვები თუ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, შევეცდებით, დავაბულინგოთ
იაგო ხვიჩია - აბსურდია, არ ხარ პარლამენტში და ხარ რომელიმე საკრებულოში, სხვები თუ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, შევეცდებით, დავაბულინგოთ

ჩვენ ვართ ძალიან მკაცრი ბოიკოტის მომხრე, საბიუჯეტო დაფინანსების, ხელფასის არ აღების, არც ერთ არჩევნებში არმონაწილეობის სახით, მათ შორის არც ადგილობრივ არჩევნებში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მეტიც, როგორც ხვიჩია ამბობს, თუ პარტიას, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია, რომელიმე საკრებულოში წარმომადგენელი ჰყავს, საკრებულოდან უნდა გამოიწვიოს. ხვიჩიას თქმით, სხვაგვარად ბოიკოტს აზრი არ აქვს.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, ელოდებიან, როგორ დასრულდება პროცესი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, რადგან თუ ბოიკოტის გაგრძელება გადაწყდება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციასაც მოუწოდებენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„ნებისმიერი არჩევნები მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიისთვის. თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყველაში უნდა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ამ ადგილობრივ არჩევნებს, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბოიკოტის რეჟიმშია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია და როდესაც პარლამენტში გაქვს ბოიკოტი გამოცხადებული, ზესტაფონის საკრებულოში ვითანამშრომლებთ „ქართულად ოცნებასთან“ არის არასერიოზული.

ჩვენი მოთხოვნა ოპოზიციასთან სულ ეს იყო, რომ თუ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ჩვენ ვართ ძალიან მკაცრი ბოიკოტის მომხრე, ფულის არ აღების,  საბიუჯეტო დაფინანსების, ხელფასის არ აღების, არც ერთ არჩევნებში არმონაწილეობის სახით, მათ შორის არც ადგილობრივ არჩევნებში. უფრო მეტიც, თუ გყავს რომელიმე საკრებულოში შენი წარმომადგენელი და პარლამენტში ბოიკოტს აცხადებ, ეს წარმომადგენელი უნდა გამოითხოვო საკრებულოდან, ისე რა შინაარსი აქვს, ეს ხომ სისულელეა. ჩვენ არ გვინდა, სისულელეში მონაწილეობა, ამიტომ, ველოდებით, როგორ დამთავრდება ეს პროცესი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. თუ ბოიკოტი გრძელდება, მაშინ ჩვენ ოპოზიციასაც მოვუწოდებთ, რომ ნუ მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში, რადგან აბსურდია, პარლამენტში არ ხარ და ხარ რომელიმე საკრებულოში, ამ იდეას ჭკუა არ მოეკითხება. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და სხვები თუ მიიღებენ, შევეცდებით, ეს სხვებიც დავაბულინგოთ, რა წესია, პარლამენტში არ შედიხარ და საკრებულოში თანამშრომლობ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.