იაგო ხვიჩია - აბსურდი მგონია უარის თქმა იმ ადამიანების გაცნობაზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ძალების სახელით მოხვდნენ და ზოგადად იმ პროცესებზე, რომლებიც ამ ოფისში მიმდინარეობს
იაგო ხვიჩია - აბსურდი მგონია უარის თქმა იმ ადამიანების გაცნობაზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური ძალების სახელით მოხვდნენ და ზოგადად იმ პროცესებზე, რომლებიც ამ ოფისში მიმდინარეობს

აბსურდი მგონია უარის თქმა იმ ადამიანების გაცნობაზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების სახელით მოხვდნენ და ზოგადად იმ პროცესებზე, რომლებიც ამ ოფისში მიმდინარეობს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა კითხვაზე, რატომ წარმოუდგენია საკანონმდებლო ორგანო „გირჩის“ ოფისად.

„ჩვენ გვინდა, რომ საკანონმდებლო ორგანო იყოს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ის ასეთი გახდეს. მაგრამ ვიდრე ასეთად მიგვაჩნია, მანამდე უბრალოდ ამ ოფისზე, ზოგადად იმ პროცესებზე, რომელიც აქ მიმდინარეობს, მათ შორის კულისებში, იმ ადამიანების გაცნობაზე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში მოხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალების სახელით, ამაზე უარის თქმა უბრალოდ აბსურდი მგონია.

ფაქტობრივად, თქვენთან ერთად შემოვედით და რავიცი, ოფისის პირობებს როგორ შევეგუებით, ვნახოთ. ფაქტობრივად, პირველად უწევს ამ ქვეყნის ისტორიაში „გირჩისნაირ“ პარტიას ამ შენობაში შემოსვლა. ჯერ ადრეა იმისთვის, რომ გითხრათ, მომეწონა თუ არა. დავლაგდეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „სხვა პარტიებისგან განსხვავებით, უარს უამბობენ დაფინანსებაზე და ხელფასზეც იქამდე, ვიდრე არ შეასრულებენ დეპუტატის უფლებამოსილებას როგორც საჭიროა, მანამდე კი, იყენებენ შენობას, არის თუ არა ეს ორმაგი სტანდარტი, იაგო ხვიჩიამ განაცხადა:

„არა, რას ლაპარაკობთ. რატომ არის ორმაგი სტანდარტი. იმუნიტეტიც გვინდა. აი, წარმოიდგინეთ, ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა, ხალხს პანტაპუნტით იჭერენ, სასამართლო არ გვაქვს, ჩვენ ძალიან სარისკო საქმეს ვაკეთებთ, ხომ უნდა გვქონდეს რაღაცა ტიპის დაცვა. იმუნიტეტზე უარის თქმა, რაც არ უნდა გინდოდეს, სიგიჟე არის. გვინდა, რომ იარაღის ტარების უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს. ამაზე შემიძლია, ლექცია წაგიკითხოთ, მაგრამ ძალიან ტრადიციულია ჩემი აზრით. ქართველი კაცი სულ იარაღით დადიოდა, სანამ კომუნისტებმა არ წაგვართვეს და არ განგვაიარაღეს. მერე რომ წაგვართვეს, დაგვიმონეს. მე ზოგადად არ მიყვარს იარაღი, ადამიანურად, არ ვარ იარაღის მოყვარული, არც მისი გამოყენება ვიცი კარგად, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ არსებობს რაღაც უფლება, რომელიც მე გამიჩნდა, რადგან ამ შენობაში შემოვედი და არ გაქვთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას. არ მაქვს სხვა ბევრი უფლება განსაკუთრებული, რაც საქართველოს მოქალაქეს არ აქვს. საქართველოს მოქალაქეს არ აქვს რაღაც და მე მაქვს. მინდა ვაჩვენო ადამიანებს, რომ მე არაფრით განსხვავებული არ ვარ მისგან, მასაც უნდა ჰქონდეს იგივე უფლება. ამის საჩვენებლად მჭირდება იარაღი და არა იმის გამო, რომ აქ მეშინია, ვინმე შემომხვდება „ქართული ოცნების“ და გამლახავს. მაგის არ მეშინია. მე და მელიას ერთმანეთის არ გვეშინოდა, ჩვენ ასეთი ტიპის ურთიერთობა გვაქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღეს „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ აღიქვამს ის საკანონმდებლო ორგანოს, უპასუხა, რომ „საკანონმდებლო ორგანო იქნება „გირჩის“ სამეფო“.