იაგო ხვიჩია - 7 ნოემბერზე სააკაშვილის განცხადება მართალი რომც იყოს, ტელევიზორიდანაც ჩანდა, ყველაფერი კარგად არ იყო და იქიდანაც შეიძლებოდა პროცესებში ჩარევა, მისი შეჩერება
იაგო ხვიჩია - 7 ნოემბერზე სააკაშვილის განცხადება მართალი რომც იყოს, ტელევიზორიდანაც ჩანდა, ყველაფერი კარგად არ იყო და იქიდანაც შეიძლებოდა პროცესებში ჩარევა, მისი შეჩერება

მიხეილ სააკაშვილის განცხადება 7 ნოემბერზე მართალი რომ იყოს, მგონი, ტელევიზორიდანაც ჩანდა, რომ ყველაფერი კარგად არ იყო, იქიდანაც შეიძლებოდა პროცესებში ჩარევა და მისი შეჩერება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ხვიჩია გამოეხმაურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 7 ნოემბერთან დაკავშირებით დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომ პროცესს შინაგან საქმეთა მინისტრი მართავდა, თავად კი ტელევიზორით უყურებდა და არავისთვის არანაირი ინსტრუქცია არ მიუცია.

„ყველაფერი რომ დავიჯეროთ, რაც მან თქვა, მგონი, სულ მცირე მორალურ ბრალეულობას არ გამორიცხავს, სამართლებრივზე კი, სასამართლო მსჯელობს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მთელი გამოსვლა პოლიტიკური იყო, მიმართული ხალხის მხარდაჭერის მოპოვებისკენ.

„არ ვიცი, ასეთი რიტორიკა რამდენად დამაჯერებელია ხალხისთვის, რომ ცოტათი სასამართლოს ნაწილში შეგვეშალა და შემდეგ აქეთ გაგვასამართლა ამ სასამართლომ. დანარჩენს ყველაფერს კარგად ვაკეთებდით და არ მოგენატრათ ის დრო, როცა ყველაფერი წინ მიდიოდაო? ეს განცხადება ბევრი ადამიანისთვის დამაჯერებელი არ იქნება და ვისთვისაც დამაჯერებელია, მისთვის აქამდეც დამაჯერებელი იყო. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლით ფუნდამენტურად ახალი არაფერი გაგვიგია. სააკაშვილის ეს მიმართვა მიმართულია არა იმ ადამიანებისკენ, რომლებმაც რაიმე უნდა აპატიონ, რადგან პატიება ადვილი არ არის, ალბათ უფრო იმ ადამიანებისკენ და მათი რწმენაში გამყარებისკენ, რომლებსაც სააკაშვილი დამნაშავე არ ჰგონიათ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.