იაგო ხვიჩია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია ხელმომწერების დისკრედიტაციის პოლიტიკა, გადავიდნენ იმ ხალხის ლანძღვაზე, რომელთან ერთადაც ორ კვირაში უნდა შევიდნენ პარლამენტში
იაგო ხვიჩია - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია ხელმომწერების დისკრედიტაციის პოლიტიკა, გადავიდნენ იმ ხალხის ლანძღვაზე, რომელთან ერთადაც ორ კვირაში უნდა შევიდნენ პარლამენტში

ერთი კანონპროექტი უნდა იყოს გატანილი და მას უნდა ჰქონდეს მრავალპარტიული თანხმობა. მგონია, ეს იქნება ყველაზე სწორი გამოსავალი, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“  მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავის შეკავების შემდეგ, აირჩიეს ხელმომწერების დისკრედიტაციის პოლიტიკა. ხვიჩია ფიქრობს, რომ ეს მცდარია და ადამიანურ მორალს  ეწინააღმდეგება.

„საერთოდაც, ეს მუხლი, რაზედაც ჩვენ ამნისტიაზე ვსაუბრობთ, ყველაზე ნაკლები განხილვის და დისკუსიის საგანი იყო. მაგალითად, თუ გახსოვთ, დანიელსონი რომ იყო ჩამოსული და პირველ ჯერზე ვერ შეთანხმდნენ, რომ ამბობდნენ, პირველ სამ პუნქტთან დაკავშირებით თანხმობას მივაღწიეთ და ბოლო ორ პუნქტზე აქვს „ქართულ ოცნებას“ პრობლემაო, აი, ამ პირველ სამ პუნქტში შედიოდა ეს საკითხი. დანარჩენი რთული საკითხები სხვა იყო. ფაქტობრივად, ეს მუხლი არ ყოფილა დისკუსიის, ვნებათაღელვის საგანი და  მოლაპარაკების პროცესში ყველაზე გასაგები იყო.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როდესაც თავი შეიკავა ხელმოწერისგან, აირჩია ხელმომწერების დისკრედიტაციის პოლიტიკა, რაც ჩემი აზრით, იყო მცდარი და ეწინააღმდეგება ადამიანურ მორალსაც კი. წარმოიდგინეთ, მართლა ერთ დღეს ვისხედით ყველანი მოლაპარაკების მაგიდასთან, ყველანი ერთი და იგივე მიზნისთვის ვიბრძოდით. ობიექტურად მივიღეთ კარგი დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვეძლო გვეზეიმა და იმის გამო, რომ პარტიის შიგნით რაღაც ვერ შეთანხმდა შიდაპარტიული პრობლემებიდან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანია გადაერთო არა იმაზე, რომ ხელშეკრულებას გაყოლოდნენ, არამედ ვინც მოაწერა ხელი, არის ცუდი ხალხი. ასეთი დამოკიდებულების მთავარი მიზეზია, რომ სამწუხაროდ, ქართულ მმართველ პარტიებს, ყოფილს და მოქმედს, ყველაზე კარგად აქვს ნასწავლი ჩხუბის, ერთმანეთის ლანძღვის და ასე შემდეგ ბინძური კამპანიები. მოცემულ შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს დაემართა. უცბად გადავიდა ხალხის ლანძღვაზე. თანაც იმ ხალხის ლანძღვაზე, რომელთან ერთადაც ორ კვირაში უნდა შევიდნენ პარლამენტში. რომელთა ხელმოწერილი დოკუმენტითაც მათი თავმჯდომარე გათავისუფლდა. არც ერთ პროფესიაში, სადაც მიმუშავია, ან ადამიანებთან ურთიერთობა მქონია, ასეთი რამ არ იყო „მოსული“.

ქართულ პოლიტიკაში, როგორც ჩანს, ასეთი ცუდი ქცევები აქამდე იყო „მოსული“ და ამიტომ აქვს ქართველ პოლიტიკოსებს სახელი გატეხილი. როცა ზოგადად, პოლიტიკოსებს სახელი აქვთ გატეხილი, ამით მეც ვზიანდები და არ მინდა, ასე იყოს. მინდა, ეს დასრულდეს და პარლამენტში ყველამ ვაგოთ საკუთარ სიტყვებზე პასუხი. ამ ტესტს თუ გავივლით, საერთოდ სხვა ატმოსფერო იქნება. ოპოზიციის შიგნით რა ამბავიც არის ატეხილი, ეს ხომ ჩემ გამო არ არის, იმიტომაა რომ მთავარი ოპოზიციური პარტია სხვებს ლანძღავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.