ია მეტრეველი შს მინისტრს მიმართავს
ია მეტრეველი შს მინისტრს მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის მორიგი პროცესის დასრულების შემდეგ, რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა შს მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა.

ია მეტრეველის თქმით, პოლიციის იმ ეკიპაჟის წევრები, რომლებიც 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე იყვნენ, დღესაც სხვადსხვა ძალოვან უწყებებში მუშაობენ.

„მინდა, მივმართო ბატონ გიორგი გახარიას. მე მის მიმართ ნდობით ვარ აღჭურვილი და სწორედ ამიტომ მივმართავ. კარგად ჩანს კადრებში საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ბარბაროსული ქმედებები იმ უბედურ ღამეს. საუბედუროდ, ამ პატრულების უმეტესობა კვლავ პოლიციაში მუშაობს ან სხვა ძალოვან სტრუქტურებში. ეს არის ძალიან ყურადსაღები, ეს ბარბაროსი პოლიციელები არ შეიძლება, კიდევ მუშაბდნენ საპატრულო პოლიციაში. მათ მიეცემათ უკანონო ბრძანება და როგორც მაშინ ასრულებდნენ, ასევე მზად არიან, იგივე საშინელებები ჩაიდინონ, როგორც კი მათ მიმართავენ“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას შსს-ს მაღალჩინოსნების მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ახალი გამოძიების ფარგლებში ბრალი 5 პირს წარედგინა. მათ შორის გურამ დონაძეს, ზურა მიქაძესა და ირაკლი ფირცხალავას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე, პატრულის ყოფილი თანამშრომელი გიორგი კოპალეიშვილი დაკითხეს.