ია მეტრეველი - სააკაშვილო, არ შეგრჩება ჩემი უმანკო, პატარა ბიჭის სიკვდილი
სააკაშვილო, დარწმუნებული ვარ, უფალი მწარედ მოგთხოვს პასუხს ამდენ სისხლზე და არ შეგრჩება ჩემი უმანკო, პატარა ბიჭის სიკვდილი, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ დაწერა.
„სააკაშვილო, შე მსოფლიო მატყუარა და მასხარა. რა თქმა უნდა, შენს ტყუილებს არც ვკითხულობ და არც ვისმენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, არ შემიძლია არ გიპასუხო. ჯერ ეგ ერთი, სწორედ რომ შენ გაეცი ბრძანება იმისა, რომ პოლიციელებს, ადგილზე, უაპელაციოდ, გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე დაეხვრიტათ ხალხი ქუჩებში, რათა შიში დაგემკვიდრებინა ქვეყანაში და ტერორითა და ძალადობით გემართა ქვეყანა. სწორედ ასეც გააკეთე, ტერორით, სიკვდილით, წამებით, გაუპატიურებით მართე ქვეყანა ცხრა წლის მანძილზე. თუმცა, მაინც ვერ დაგვიმორჩილე და მაინც დაგამარცხეთ. მეორე – ჩემთვის, გამცემლიძის დედისთვის, ვაზაგაშვილის დედისთვის ან გირგვლიანის დედისთვის და ასე შემდეგ, სამწუხაროდ, ვრცელი სია დაგვიტოვე შენს მიერ გაუბედურებული ადამიანებისა, რა შეღავათი, ამერიკაშიც ხდება ასეთი შემთხვევებიო რომ ამბობ. შენს შვილზე თუ ილაპარაკებდი ასე ადვილად ნეტავ? წყეულიმც იყავ. სააკაშვილო, წყეულიმც იყავ. დარწმუნებული ვარ, უფალი მწარედ მოგთხოვს პასუხს ამდენ სისხლზე და აუცილებლად მოიმკი იმას, რაც დათესე. არ შეგრჩება ჩემი უმანკო, პატარა ბიჭის სიკვდილი ისევე, როგორც არ შეგრჩება სხვა დანარჩენი ახალგაზრდების გაუბედურება. ფლორიდაში სასახლეების ყიდვა ვერ გიშველის“, -წერს ია მეტრეველი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ძალიან ტრაგიკული იყო რობაქიძის ისტორია, ამერიკაში ასეთი ისტორია ძალიან ხშირად ხდება“.