ია მეტრეველი - მიხეილ სააკაშვილო, დედებს სიცოცხლე წაგვართვი, დიდი დრო გექნება და ჯობია, დაფიქრდე ჩადენილ ბოროტებებზე, როგორ დაგვიხვრიტე ანგელოზი შვილები
ია მეტრეველი - მიხეილ სააკაშვილო, დედებს სიცოცხლე წაგვართვი, დიდი დრო გექნება და ჯობია, დაფიქრდე ჩადენილ ბოროტებებზე, როგორ დაგვიხვრიტე ანგელოზი შვილები

მიხეილ სააკაშვილო, დედებს სიცოცხლე წაგვართვი, დიდი დრო გექნება და ჯობია, დაფიქრდე ჩადენილ ბოროტებებზე, როგორ დაგვიხვრიტე ანგელოზი შვილები, – ასე მიმართა ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველმა მიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხესთან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალებულები აქციას მართავენ.

ია მეტრეველის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ხალხისა და ერის წინაშე ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და აღნიშნა, რომ მას სამუდამო პატიმრობა ეკუთვნის.

„ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი ხალხი შეწუხდით და მობრძანდით. ძალიან ცუდად ვარ, აქ ქალბატონიც ცუდად გახდა, ჩემსავით გაუბედურებული დედა, ჯერ შვილი მოუკლა, მერე ქმარი, გარეწარო მიშა, კიდევ პოლიტპატიმრობა გინდა? გაუბედურებული დედების აქ ჯერ მცირე რაოდენობა ვართ, ყველანი ჯერ ვერ ვართ, რაც გაგვანადგურე, დაგვაქციე და სიცოცხლე წაგვართვი. ჩვენი შვილები იქით არიან და ჩვენ აქ, მკვდრები ვართ ამ მიწაზე. არ ვიცი, მეტი რაღა უნდა ჩაგედინა, ბოროტო სულო. თუ ბიჭების დახოცვიდან დაიწყე და მიწების გაყიდვით დაამთავრე ყველაფერი, რომელ პოლიტპატიმრობაზე გაქვს პრეტენზია, პოლიტპატიმრობა კი არა, სამუდამო პატიმრობა გეკუთვნის და ალბათ არ აგცდება. რომელი ექვსი წელი, იმდენი დანაშაული გაქვს ჩადენილი ხალხისა და ერის წინაშე. ასეთი მტერი შენ რომ ხარ და შენი მომხრეები, არ ჰყოლია საქართველოს. უბრალოდ ის მიკვირს, კიდევ შენნაირები რომ ჰყავს ქვეყანას, ვიღაც მომხრეები რომ გყავს, ცოტა მაგრამ მაინც. რაღაც მინდოდა, მეთქვა, მაგრამ აზრი არ აქვს. სააკაშვილის მომხრე როცა ხარ, იქ დამთავრებულია ყველაფერი. შენ ხარ ისეთივე ბოროტმოქმედი და მკვლელი. როგორ შეიძლება, კაცების გამაუპატიურებელს უჭერდე მხარს, ციხეში რასაც შენ ხალხს უშვრებოდი, რიგ-რიგობით რომ ასუნთქებდი ჟანგბადს, რიგ-რიგობით აძინებდი კვირაში ერთი დღე, შენ ეგეთ ციხეში არ ზიხარ ახლა. რაც შექმენი და როგორიც გქონდა, ისეთ ციხეში უნდა იჯდე. სანატორიუმში რომ ხარ აქ და გვატყუებ, ვშიმშილობ და კილოობით თაფლს ათავებ და ცოცხალ წვენებს სვამ.

ხელისუფლებას მინდა მივმართო, ძალიან გთხოვთ, ამ ლოიალობას დაანებეთ თავი და ისე მოექეცით ამ დამნაშავე პატიმარს, როგორც ეკუთვნის და როგორც არის კანონის მიხედვით. არა ისე, ფუფუნებაში რომ ბრძანდება და კიდევ პრეტენზიები აქვს. მოძღვრავს თავის სექტას და იქიდან კარნახობს, როგორ უნდა მოიქცნენ და რა გააკეთონ. ამის უფლებას ნუ აძლევთ, რომ კიდევ არიონ აქაურობა. აღარ შეგვიძლია, ძალიან დავიღალეთ. ამდენი წელია, ამ ჯოჯოხეთს ვუძლებთ. ჯერ მაგათი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, ახლა კიდევ მუდმივად ამათთან ჭიდილში ვართ. აკრძალეთ როგორც პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. აღარასოდეს მიეცეთ მათ უფლება, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

მისი თქმით, „საქართველოში უნდა აიკრძალოს სააკაშვილი და მისი პარტია ისევე, როგორც მსოფლიოში პოლიტიკურად აიკრძალა ფაშიზმი“.

„ხელისუფლება ამათ ჭიდაობაშია და დროც აღარ რჩება, რამე გააკეთოს. სამუდამო გეკუთვნის. დიდი დრო გექნება და ჯობია დაფიქრდე იმ ბოროტებებზე, რაც გაქვს ჩადენილი, ჩვენნაირ გაუბედურებულ ოჯახებზე, როგორ დაგვიხვრიტე ანგელოზი შვილები, მაგაზე იფიქრო, დღედაღამე ინანიო და დაჩოქილი შეეხვეწო უფალს, რომ გადაგარჩინოს და ჯოჯოხეთში არ მოხვდე. მაგრამ არ აგცდება, რადგან შენ არ ხარ ეგ კაცი, რომ  მოინანიო, შენ ხარ პირდაპირ ეშმაკის მიმდევარი და სატანის მოციქული და ვინც შენ მხარს გიჭერს, ისინიც მაგ გზაზე დგანან“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

ამასთან, ია მეტრეველმა ასევე ისაუბრა საეკლესიო პირებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე პეტიციას ხელი მოაწერეს.

„არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ სააკაშვილის საქმეს გამოეხმაურნენ ეკლესიაში მღვდლები, მეუფეები, რამაც ძალიან მატკინა გული. მეუფეები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მკვლელის შეწყალებას და შებრალებას, ვითომდა შერიგების მიზნით. რა შერიგებაზეა ლაპარაკი. ადამიანი, რომელიც ოდნავადაც არ ნანობს, რაც ჩაიდინა, მონანიების სურვილიც არ გასჩენია. პირიქით, ერთი სული აქვს, ხელისუფლებაში დაბრუნდეს და ისე გაგვჟლიტონ… ჩემზე ფიქრობს ალბათ, ეს როგორ დამრჩა ცოცხალი, როგორ არ მივაკალი როგორც იური ვაზაგაშვილი დავაკალი საფლავზეო. ალბათ მაგას ფიქრობს. არც ახლაა გამორიცხული, თავისნაირი მკვლელები ქვეყნის ჰყავს გარეთ და ალბათ აქვთ ეს გეგმაც, მაგრამ მეტს ვერაფერს ვეღარ მიზამთ. მე ისედაც მკვდარი ვარ, უბრალოდ ამ მიწაზე ვარ და რომც მომკლათ, მე ჩემს შვილთან წავალ. ასე რომ, ვერაფერს დამაკლებთ, ისე გამანადგურეთ.

სააკაშვილო, გესმოდეს ჩემი ღაღადი, გესმოდეს ჩემნაირად განადგურებული დედების ტირილი, ბოროტო სულო. დედაშენს მივმართავ, ასეთი სატანა რომ გააჩინე, დაჩოქილი უნდა ეხვეწებოდე უფალს ბოდიშს, მაგრამ ერთნაირები ხართ. საერთო ჭირია, ქვეყანა გაანადგურა. ჩვენს ქვეყანაში აღარასოდეს უნდა განმეორდეს ეს ბოროტება. ვერასდროს ვეღარ მოხვალთ ხელისუფლებაში, ეგ იცოდეთ „ნაცებო“, შეგაკვდებით სიცოცხლის ბოლო წვეთამდე. სამუდამო პატიმრობა მიშას“, – განაცხადა ია მეტრეველმა.