Human Rights Watch - უნგრეთი მიგრანტების გასაძევებლად შიმშილის ტაქტიკას იყენებს
Human Rights Watch - უნგრეთი მიგრანტების გასაძევებლად შიმშილის ტაქტიკას იყენებს

Human Rights Watch-ი უნგრეთს მიგრანტების გასაძევებლად შიმშილის ტაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის მტკიცებით, სატრანზიტო ზონებში მიგრანტებისთვის საკვების მიცემაზე უარი, ქვეყნიიდან მათი გაძევების ერთ-ერთ საშუალებაა.

„საკვების მიცემაზე უარით უნგრეთის მთავრობა არაადამიანური ნორმების მინიმუმს მიუახლოვდა. ამ გზით ის ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევს. ამასთან ერთად, არ ასრულებს ვალდებულებებს, რომლებიც დაკისრებული აქვს, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს“,- აღნიშნულია Human Rights Watch-ის განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ამ ხერხით უნგრეთის მთავრობა მიგრანტებს სხვა ქვეყანაში, კერძოდ კი, მეზობელ სერბეთში საკუთარი სურვილით დაბრუნებას აიძულებს, რადგან განსაკუთრებულად რთული პირობების გამო, საცხოვრებლის მაძიებლებს უნგრეთში დარჩენა აღარ სურთ.

Human Rights Watch-ის განმარტებით, მიგრანტების გასაძევებლად შიმშილის სტრატეგიის გამოყენება უნგრეთის ხელისუფლებამ აგვისტოში დაიწყო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საიმიგრაციო ოფისში განაცხადეს, რომ უნგრეთის კანონმდებლობის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლებას მიგრანტების გამოკვების ვალდებულება არ აქვს, თუმცა Human Rights Watch-ის განმარტებით, მსგავსი ქმედება საერთაშორისო მიგრაციული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.