„ჰუმან რაითს ვოჩი“ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ომის დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს
„ჰუმან რაითს ვოჩი“ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ომის დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს

„ჰუმან რაითს ვოჩი“ (Human Rights Watch) ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს ომის დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მხარდაჭერილმა ავღანელმა სამხედროებმა განახორციელეს სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა. მათი ინფორმაციით, ადამიანები მიჰყავდათ იძულებით, განურჩევლად ბომბავდნენ ტერიტორიებს და თავს ესხმოდნენ ჯანდაცვის ობიექტებს.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ მოხსენება ეფუძნება ათეულობით ადგილობრივი მაცხოვრებლისა და მოწმის საუბარს. ანგარიშის მიხედვით, სამხედროები უკანონოდ ესხმოდნენ თავს მოქალაქეებს, რომლის მიზეზიც არასწორი იდენტიფიცირება, დაუზუსტებელი სადაზვერვო ინფორმაცია და პოლიტიკური მეტოქეობა იყო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საერთო ჯამში გამოძიებულია 14 შემთხვევა, რომელშიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მხარდაჭერილმა ავღანურმა ძალებმა 2017 წლის ბოლოდან 2019 წლის შუა პერიოდამდე სერიოზული ბოროტმოქმედება ჩაიდინეს.