ჰუბერტ ქნირში - ვფიქრობ, კონსენსუსი გამოინახება და საქართველო დაუბრუნდება ევროპას
ჰუბერტ ქნირში - ვფიქრობ, კონსენსუსი გამოინახება და საქართველო დაუბრუნდება ევროპას

აუცილებლად ჰკითხეთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რა იგულისხმა თავის განცხადებაში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრეზიდენტის პარიზში ჩაბრძანება იყო ასე ვთქვათ, თავის სამშობლოში დაბრუნება. ასევე, ვფიქრობ, რომ ბერლინში ძალიან სასიამოვნო და კონსტრუქციული საუბარი იყო ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერსა და ფედერალურ კანცლერ მერკელთან. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ ამბიციებს, ევროპულ ოჯახში დაბრუნების სურვილს. ვფიქრობ, კონსენსუსი გამოინახება და საქართველო დაუბრუნდება ევროპას იმ რთული საპრეზიდენტო მარათონის შემდეგ, რომელიც გასული წლის მიწურულს განვლო“, – განაცხადა ქნირშმა.

ამ განცხადებით ჰუბერტ ქნირშმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა იგულისხმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, როცა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტების ნაყოფიერება ერთმანეთს შეადარა და განაცხადა, რომ საფრანგეთში საქართველოს საკეთილდღეოდ ბევრი რამ შეიცვალა, გერმანიაში კი ჯერ ამისთვის მზად არ არიან.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ახლო მომავალში ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, რომ არაფერი სმენია კანცლერის ახალ განზრახვაზე, საქართველოში ისევ ჩამოვიდეს.