ჰუბერტ ქნირში - რაც ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანაში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ხდება, ყურადღებას იმსახურებს
ჰუბერტ ქნირში - რაც ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანაში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ხდება, ყურადღებას იმსახურებს

საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ რაც ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანაში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ხდება, ყურადღებას იმსახურებს.

„თვალს ვადევნებთ ადმინისტრაციულ საზღვრისპირა რეგიონებში მდგომარეობას, ასევე კავშირზე ვართ ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან. მათ გააჩნიათ უფრო მეტი დეტალი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ვაკვირდებით ახალგორთან დაკავშირებულ ამბებს, რომ ჩაიკეტა ე.წ გამშვები პუნქტი. ვიცით, რომ სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებული სიტუაციაც არ არის გადაჭრილი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში გაკეთდა ერთობლივი განცხადება ადამიანის უფლებების დარღვევებზე და იმის შესახებ, რა მძიმე მდგომარეობაში არიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დიდ ყურადღებას იმსახურებს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი 9 სექტემბერს ჩაკეტა. დე ფაქტო ხელისუფლება აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქართულ მხარესთან დაძაბულობის გამწვავებით განმარტავს და აცხადებს, რომ ე.წ. გამშვები პუნქტები მუშაობას ვითარების ნორმალიზების შემდეგ განაახლებენ.

14 სექტემბერს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილისთვის დროებით გახსნეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომობილმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიიდან 1964 წელს დაბადებული ქალბატონი, გულის შეტევის დიაგნოზით გადაიყვანა. ამასთან, ე.წ. გამშვები პუნქტი ადგილობრივებისთვის კვლავ ჩაკეტილი რჩება.

ამასთან, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ წნელისსჩორჩანასა და წაღვლს შორის საგუშაგოს მოწყობა დაასრულა. საგუშაგოდან დაახლოებით 400 მეტრის მოშორებით მათ დროშა აღმართეს.