ჰუბერტ ქნირში - იმედი მაქვს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული და მარშიც ძალადობის, შიშის გარეშე ჩაივლის
ჰუბერტ ქნირში - იმედი მაქვს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული და მარშიც ძალადობის, შიშის გარეშე ჩაივლის

ადამიანებს, რომლებსაც სურთ, აღიარებული იყვნენ საზოგადოების ნაწილად, სურთ აღიარებული იყვნენ საქართველოს ერის ნაწილად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ქნირში იმედოვნებს, რომ „თბილისი პრაიდის“ კვირეული ძალადობისა და შიშის გარეშე ჩაივლის.

„ვფიქრობ, რასაც ისინი აკეთებენ, მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველას სურს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც მოსაზრებას თავისუფლად, ძალადობის, შიშის გარეშე გამოხატავს. არ მინახავს, რა მოხდა გარეთ, ფეხით მოვედი. იმედი მაქვს, პრაიდის კვირეული და მარშიც ჩაივლის ძალადობის, შიშის გარეშე“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.