ჰუბერტ ქნირში - ახლა პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს
ჰუბერტ ქნირში - ახლა პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ქნირშმა განაცხადა, განიხილეს არაერთი საკითხი, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების განხორციელებასთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და საკითხების ირგვლივ კონსენსუსი შედგეს.

„განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც დაკავშირებულია 19 აპრილის შეთანხმების იმპლემენტაციაზე. რთული ამოცანა დგას პარლამენტის წინაშე. ვუსურვებდი, რომ „ლელომ“, ისევე როგორც „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ გააკეთონ ყველაფერი, რომ სირთულეები დაძლეული იყოს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი პოლიტიკოსები გაერთიანდნენ და ჩამოყალიბდეს კონსენსუსი, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, რომ შარლ მიშელის შეთანხმება გადაიქცეს კანონებად. ეს არის ამოცანა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, ამას შეძლებენ, თუკი თანამშრომლობის სულისკვეთებით მიუდგებიან“, – განაცხადა ქნირშმა.

ამასთან, საქართველოში გერმანიის ელჩმა თავი შეიკავა, კომენტარი გაეკეთებინა „ამნისტიის კანონთან“ დაკავშირებით.

„არ მინდა, კომენტარი გავაკეთო სპეციფიკურ კანონებზე ან იმ წინადადებებზე, რომლებიც განიხილება. ჩვენ ვიცით, რა არის შარლ მიშელის გეგმაში. ვიცით, რას მოიცავს 19 აპრილის შეთანხმება. ახლა საქართველოს პოლიტიკური პარტიების საქმეა და არა საერთაშორისო პარტნიორების, რომ მოიძებნოს გზა, რათა შეთანხმება კანონად იქცეს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.