ჰუბერტ ქნირში - დემოკრატია არ არის ისეთი რამ, რასაც იმისთვის აკეთებთ, რომ ევროკავშირს ან აშშ-ს მოაწონოთ თავი, ან გააბრაზოთ ადამიანები კრემლში, ამას საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის აკეთებთ
ჰუბერტ ქნირში - დემოკრატია არ არის ისეთი რამ, რასაც იმისთვის აკეთებთ, რომ ევროკავშირს ან აშშ-ს მოაწონოთ თავი, ან გააბრაზოთ ადამიანები კრემლში, ამას საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის აკეთებთ

საქართველოში გვიწევს იმ საფრთხის დანახვა, როდესაც პარტიები თავის თავს პირველ ადგილზე აყენებენ, ეს ნათლად ჩანს, როდესაც ისინი პარლამენტში იყრიან კენჭს, მაგრამ პასუხისმგებლობის ტვირთს არ იღებენ, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

„ასევე ზოგადად, პარტიები ხშირად პოლიტიკის ისეთ მსოფლმხედველობას მისდევენ, სადაც მეორე მხარის დამარცხება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოების სამსახურში ყოფნა. თუ ეს არ შეწყდება, ეს გადაიქცევა ბრძოლად იმ გემზე, რომელიც იძირება. ამას ვამბობ როგორც ადამიანი, რომელიც მოვლენებს გარედან აკვირდება. მაგრამ ეს ჩვენ გარეშეც იცით. დემოკრატია არ არის ისეთი რამ, რასაც იმისთვის აკეთებთ, რომ ევროკავშირს ან აშშ-ს მოაწონოთ თავი და არც იმისთვის, რომ გააბრაზოთ ადამიანები კრემლში და მათი შიშები კვებოთ. ამას თქვენი საკუთარი ერის კეთილდღეობისთვის აკეთებთ და ვინაიდან ვალდებულნი ხართ მისი ისტორიის წინაშე.  მაპატიეთ ჩემი გულწრფელი შენიშვნებისთვის ამ აკადემიურ წრეში. მოუთმენლად ველი კვლევების შედეგების მოსმენას და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლი საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის კვლევაში“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ჰუბერტ ქნირშის სიტყვით გამოსვლის ტექსტს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.