ჰუბერტ ქნირში - ბევრ პოლიტიკოსს ვხვდები, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ, კანონმდებლობა უკეთესი გახდეს და ქვეყანა განვითარების მიმართულებით წაიყვანონ, თუმცა მათ ნაკლებად ვხედავ მედიაში
ჰუბერტ ქნირში - ბევრ პოლიტიკოსს ვხვდები, რომლებიც ნამდვილად ფიქრობენ, კანონმდებლობა უკეთესი გახდეს და ქვეყანა განვითარების მიმართულებით წაიყვანონ, თუმცა მათ ნაკლებად ვხედავ მედიაში

გვინდა, საქართველო იყოს კონსოლიდირებული, სტაბილური, განვითარებული ქვეყანა, ჩვენც ზუსტად იგივე გვინდა, რაც ქართველებს საკუთარი თავისთვის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ განაცხადა.

მან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაცია სერიოზულია, თუმცა არა კატასტროფული.

ამასთან, ელჩის თქმით, ევროკავშირში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე წუხილი ბოლო პერიოდში უფრო გაიზარდა.

„არის ორი პოლიტიკური მხარე, რომლებიც ერთმანეთს ძალიან რთულად უგებენ და შეიძლება, ვეღარც უგებენ, დაყოფილი არიან ორ ნაწილად. ეს აწუხებს ყველა ქართველს და ჩვენც, როგორც პარტნიორებს.

ყველა ქვეყანას თავისი სირთულეები აქვს. სოციალიზმის დასრულების შემდეგ პოლონეთში ვცხოვრობდი, იქაც იყო სირთულეები სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებისას. სანამ საქართველოში წამოვიდოდი, ოთხი წელი რუსეთში ვცხოვრობდი და იქ კიდევ განსხვავებული პრობლემებია. რა თქმა უნდა, საქართველოში სერიოზული სიტუაციაა, მაგრამ ეს არ არის კატასტროფული და ისეთი, სხვა ქვეყნებში რომ  არ ყოფილიყო.

ევროკავშირში წუხილი საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ამ ბოლო დროს უფრო გაიზარდა, უფრო მეტად გვესმის ევროპელი პოლიტიკოსების, გერმანელი პოლიტიკოსების განცხადებები. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, ვიღაცამ თავი მოგვაწონოს. ჩვენ გვინდა, დავინახოთ ჩვენი პარტნიორის კეთილდღეობა, რომ ხალხმა ის იგრძნოს, რასაც ევროპაში გრძნობს ადამიანი. 100-წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და გვინდა, საქართველო იყოს კონსოლიდირებული, სტაბილური, განვითარებული ქვეყანა. მგონია, ჩვენც ზუსტად იგივე გვინდა, რაც ქართველებს საკუთარი თავისთვის უნდათ“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.

წამყვანის კითხვაზე, რა იგულისხმა მან, როდესაც ჩაძირულ გემსა და მის გადარჩენაზე საუბრობდა, ელჩმა უპასუხა, რომ ეს მეტაფორულად თქვა პარტიებზე, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან. მისივე თქმით, მედია უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ერთმანეთზე ცუდად საუბრობენ, ვიდრე მათ, ვისაც ნამდვილად აწუხებს ქვეყნის ბედი.

„ეს მეტაფორულად ვთქვი იმ პარტიებზე, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და მათთვის მეორე პარტიაზე გამარჯვება უფრო მაღლა დგას, ვიდრე ის, თუ რა გააკეთონ ქვეყნის განვითარებისთვის.

რაც ვთქვი, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკოსს არ ეხება. ბევრ პოლიტიკოსს ვხვდები, რომელთაც ნამდვილად აწუხებთ და ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გამოასწორონ კანონმდებლობა და უფრო უკეთესი გახადონ, რათა ქვეყანა განვითარების მიმართულებით წაიყვანონ. ძალიან გასაკვირია, რომ მედიაში ამ ხალხის გამოჩენა არ ხდება იმდენად, რამდენადაც სხვების. ალბათ, მედიას ურჩევნია, ისეთი პოლიტიკოსი გამოიყვანოს, რომელიც რაღაც ცუდს იტყვის მეორეზე. ხალხმა, მედიამ და პოლიტიკოსებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გადაწყდეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც საქართველოში არსებობს. ასეთი ნამდვილად ბევრია. საქართველო არ იწყებს ნულიდან, საქართველოს ჰყავს ძალიან კარგი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთა დახმარებითაც შეუძლია ამის გაკეთება“, – განაცხადა ელჩმა.