„ჰუალინგში“ აცხადებენ, რომ თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გაჭიანურება ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია 
„ჰუალინგში“ აცხადებენ, რომ თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის გაჭიანურება ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია 

კომპანია „ჰუალინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გელენიძე აცხადებს, რომ პრაქტიკულად, მზად არის სასტუმროს პროექტი, რომელიც თბილისში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს.

მისი განმარტებით, სასტუმროს მშენებლობის გაჭიანურება გაუთვალისწინებელმა ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია.

„ეს არის ტექნიკური პრობლემა, რომელიც თავიდანვე გათვლილი არ იყო. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა გამოცხადებული ტენდერი, როგორც ესკიზზე, ასევე ვიზუალზე. საუბარი იყო შენობის ვარგისიანობასთან დაკავშირებით. კონსტრუქციული ექსპერტიზის დასკვნები ძალიან დიდ დროს საჭიროებდა, რადგან შენობას გარკვეული პრობლემები ჰქონდა. იყო საუბარი ეს შენობა დარჩენილიყო თუ არა. ყოველივე ამან ობიექტური და სუბიექტური პირობებიდან გამომდინარე, პროექტის მსვლელობა უკან დახია, მაგრამ დღეს ვიმყოფებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც პროექტი პრაქტიკულად მზად არის. კონსტრუქციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც პრაქტიკულად მზად არის. მისი შეჯერება ხდება“, – განაცხადა გელენიძემ.

მისი თქმით, კომპანიას პროექტის დიდი ნაწილის გადაკეთებაც მოუწია.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთო სიტუაციას ჩამოვრჩით, აუცილებლად დავეწევით და თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს შენობას დავდგამთ. სამინისტროს შენობა შენარჩუნდება. რაც შეეხება ვადებს, ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას“, – განაცხადა „ჰუალინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

თბილისში, ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი შენობა, რომელიც ჭანტურიას 12-ში მდებარეობს, „ჰუალინგ ჯგუფმა“ 2015 წელს აუქციონზე 9 450 000 აშშ დოლარად შეიძინა.აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველის ვალდებულება იყო 2016 წლის პირველი იანვრიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება. თუმცა, ადგილზე სამუშაოების დაწყება გაჭიანურდა.

დატოვე კომენტარი