„ჰუალინგ პლაზაში“ იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა
„ჰუალინგ პლაზაში“ იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა

„ჰუალინგ ჯგუფის“ შენობაში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ვარკეთილი-ვაზისუბნის 100 000-ზე მეტი მცხოვრები შეძლებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

იუსტიციის სახლის ვარკეთილის ფილიალი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად გახსნა. მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და მომხმარებელთა საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.

როგორც აღინიშნა, ვარკეთილის იუსტიციის სახლი დღეიდან სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

იუსტიციის სამინისტროს ინფრომაციით, ახალი ფილიალი ხელს შეუწყობს თბილისის ცენტრალური ფილიალიდან ნაკადების მართვა-გადანაწილებას, ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას. ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ახალ ფილიალში 45-მდე თანამშრომელი დასაქმდა.

ცნობისთვის, თბილისში იუსტიციის სახლის ცენტრალური ოფისის გარდა, ვარკეთილსა და გლდანში იუსტიციის სახლის უკვე ორი ფილიალი მუშაობს.