ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას ამიერიდან კანონი დაარეგულირებს
ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას ამიერიდან კანონი დაარეგულირებს

ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას ამიერიდან კანონი დაარეგულირებს. შესაბამისი ცვლილება ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შედის.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პალეატიური და ჰოსპისური ზრუნვის დაწესებულებების დასახელება და ფუნქციები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.

„ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი ზოგიერთი მოძველებული დეფინიციის კორექტირებაა. რაც მოითხოვს პალეატიური და ჰოსპისური მზურნველობის სფეროში არსებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთაშოროსო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას, რათა მოხდეს პაციენტებისთვის სრულფასოვანი პალეატიური და ჰოსპისური მზრუნველობის უზრუნველყოფა”, – აცხადებს ზოიძე.

მისი განმარტებით, ტერმინების ცვლილების გარდა მოხდება ამ დაწესებულებებში განხორციელებული სამედიცინო საქმიანობის რეგულირება.

„აქამდე ეს სახელი ერქვა აბსოლუტურად გაურკვეველი სტანდარტების მქონე დაწესებულებებს, სადაც მიეწოდებოდათ არასტანდარტიზებული მომსახურება და უკვე ეს საქმიანობა დაექვემდებარება რეგულაციას. რეგლამენტი სამინისტრომ უნდა მოამზადოს, რომელიც ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას ჯანდაცვის სამინისტროსათვის“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი პაციენტებისთვის მომსახურების დონის ამაღლებაა.

ცვლილებების დამტკიცების შემდეგ შეიცვლება პროგრამის დასახელებაც და მას პალეატიური და ჰოსპისური ზრუნვის პროგრამა ერქმევა. ამ მიმართულებით 2019 წლის ბოუჯეტიდან სამი მილიონი ლარია გამოყოფილი.