ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი - მივმართავ ენტონი ბლინკენს, არ დაუკავშიროთ თქვენი ბედი ბენიამინ ნეთანიაჰუს
ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი - მივმართავ ენტონი ბლინკენს, არ დაუკავშიროთ თქვენი ბედი ბენიამინ ნეთანიაჰუს

მივმართავ ენტონი ბლინკენს, არ დაუკავშიროთ თქვენი ბედი ნეთანიაჰუს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ინდოელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„არ შეიძლება, ამერიკა, ერთი მხრივ, ისრაელის გვერდით იდგეს მთელი თავისი ძალით, მონაწილეობას იღებდეს ღაზაში 24 000 ადამიანის დახოცვაში, მათ შორის 1 000 ქალისა და 12 000-ზე მეტი ბავშვის, ამავდროულად სხვებს მოუწოდებდეს თავშეკავების, სიჩუმისა და უმოქმედობისკენ. თეთრმა სახლმა არ უნდა დააკავშიროს თავისი ეროვნული რესურსების ინტერესები ამ დონეზე ისრაელის მთავრობასთან, ამ საოკუპაციო და აპარტეიდის რეჟიმთან“, – განაცხადა დიპლომატმა.

ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მიმართა.

„მივმართავ ბატონ ბლინკენს, ომი გამოსავალი არ არის. ჩვენ 100 დღის წინ, 7 ოქტომბერს, ოპერაცია „ალ-აქსას შტორმის“ შემდეგ გითხარით, რომ არ გაისვაროთ ხელები ღაზაში უდანაშაულო ხალხის სისხლით. არ დაუკავშიროთ თქვენი ბედი ნეთანიაჰუს“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამირაბდოლაჰიანი ასევე გამოეხმაურა იემენის ყურესა და წითელ ზღვაში ვითარების ბოლოდროინდელ ესკალაციას, მას შემდეგ, რაც იემენელმა „ჰუსიტებმა“ ინტენსიურად დაიწყეს რეგიონში მოძრავი ხომალდების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დაშენა.

„ირანი მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში უსაფრთხო საზღვაო მიმოსვლას. ჩვენ ვაფრთხილებთ ამერიკასა და ინგლისს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ომი იემენის წინააღმდეგ. ასევე, ვაფრთხილებთ ამერიკას და ისრაელის რეჟიმს, შეწყვიტონ ომი ღაზის წინააღმდეგ და შეწყვიტონ ღაზაში გენოციდი. გამოსავალი სამხედრო ქმედებებით ვერასდროს მიიღწევა“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.