ჰონგ-კონგში შაბათ-კვირას დაგეგმილი დემონსტრაციების წინ, საპროტესტო გამოსვლების ლიდერი დააკავეს
ჰონგ-კონგში შაბათ-კვირას დაგეგმილი დემონსტრაციების წინ, საპროტესტო გამოსვლების ლიდერი დააკავეს

ჰონგ-კონგში შაბათ-კვირას დაგეგმილი დემონსტრაციების წინ, საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, 22 წლის ჯოშუა ვონგი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც ჯოშუა ვონგის პარტია „დემოსისტო“ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, აქტივისტი მოულოდნელად მანქანაში ჩასვეს და პოლიციის განყოფილებისკენ წაიყვანეს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ჰონგ-კონგში დააკავეს კიდევ ორი აქტივისტი.

ჯოშუა ვონგი ჰონგ-კონგში 2014 წელს დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნით გამართული საპროტესტო გამოსვლების სახე იყო. მაშინ „ქოლგების პროტესტის“ სახელით ცნობილი დემონსტრაციების გამო ჰონგ-კონგის ნაწილი 79 დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. სამთავრობო კომპლექსთან 2014 წელს საპროტესტო აქციების ორგანიზების ბრალდებით მან ხუთკვირიანი პატიმრობა მოიხადა და ციხე 2019 წლის ივნისში დატოვა.

ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს. თავდაპირველად აქტივისტები ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ და გაუქმებას ითხოვდნენ. დემონსტრანტების მოთხოვნაა ასევე, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაში მხილებული პოლიცილების დასჯა და ჰონგ-კონგის მთავრობის გადადგომა.