ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა
ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონს აპროტესტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ კანონპროექტი შეაჩერა, ვიქტორიას მოედანზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეჩერებას საკმარის მექანიზმად არ მიიჩნევენ და კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

აქციაზე ჰონგ-კონგის მმართველის, კარი ლამის გადადგომაც მოითხოვეს.

ექსტრადირების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების ჩინეთსა და ტაივანში ექსტრადირება გახდებოდა შესაძლებელი, რასაც მოქალაქეები დაუშვებლად მიიჩნევენ. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნის ქალაქის დამოუკიდებლობას. კანონში ცვლილებები მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც შარშან 19 წლის ჰონგ-კონგელმა მამაკაცმა ტაივანში დასვენებისას ფეხმძიმე მეგობარი გოგონა მოკლა. დამნაშავე ჰონგ-კონგში გაიქცა და მისი ტაივანში ექსტრადირება ვერ მოხერხდა.

მოქალაქეების უმრავლესობა შიშობს, რომ აღნიშნული კანონის გამოყენებით, ჩინეთის ხელისუფლება შეეცდება, პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაიწყოს.