ჰონგ კონგში პოლიციამ საკანონმდებლო საბჭოს შენობიდან დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა
ჰონგ კონგში პოლიციამ საკანონმდებლო საბჭოს შენობიდან დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა

ჰონგ კონგში პოლიციამ საკანონმდებლო საბჭოს შენობიდან ასობით დემონსტრანტი ცრემლსადენი გაზის გამოყენებით გააძევა.

საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე შტურმით შეიჭრა ადგილობრივ პარლამენტში. მათ სამთავრობო შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული. აქციის მონაწილეებმა ჩაამსხვრიეს მინები, კედლებზე დატოვეს წარწერები, სხდომათა დარბაზში კი ბრიტანეთის კოლონიის დროინდელი დროშა გამოფინეს.

დემონსტრაცია ჰონგ კონგის სუვერენიტეტის დიდი ბრიტანეთისგან ჩინეთისთვის გადაცემის 22-ე წლისთავზე გაიმართა.

ჰონგ კონგის მთავრობის წარმომადგენელმა საკანონმდებლო საბჭოს შენობის შტურმს მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ მასში მონაწილე „რადიკალები“ საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

ჰონგ კონგში საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით ერთი თვეა, მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირების ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადაცემას ითვალისწინებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომასა და კანონპროექტის სრულად გაწვევას ითხოვენ.