ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა
ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა

ჰონგ-კონგში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა. ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება.

ღამით სამთავრობო შენობების კომპლექსთან დაბანაკებული მომიტინგეების დაშლა პოლიციამ რამდენჯერმე სცადა.

აქციების გამო, დღეს დილიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობები დახურულია. როგორც პოლიციაში განაცხადეს, აღნიშნული ზომები სახელმწიფო მოხელეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღეს. დაკეტილია სამთავრობო შენობებთან მისასვლელი მეტროსადგურიც.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ექსტრადირების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებენ, რომლის მიღების შემთხვევაშიც მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების ჩინეთსა და ტაივანში ექსტრადირება გახდება შესაძლებელი, რასაც მოქალაქეები დაუშვებლად მიიჩნევენ.

12 ივნისს ჰონგ-კონგის ქუჩებში ათასობით ადამიანი გავიდა. ისინი ცვლილებების გაუქმებას ითხოვდნენ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.

მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, ხელისუფლება კანონში ცვლილებების გაუქმებას არ აპირებს.