ჰონგ კონგში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა
ჰონგ კონგში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა

ჰონგ კონგში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ორი დემონსტრანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ჰონგ კონგის ჩრდილო-აღმოსავლეთით გზაჯვარედინის ბლოკირებას ცდილობდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციელი ერთ-ერთი დემონსტრანტის დაკავებას ცდილობდა, როდესაც მას მეორე დემონსტრანტი მიუახლოვდა, სამართალდამცველმა კი, მას ცეცხლი გაუხსნა.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ჩინეთის უნივერსიტეტის შენობაშიც. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეებმა გზების გადასაკეტად ბარიკადები აღმართეს. აქციების გამო რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლის პროცესი შეჩერდა.

ექვსი თვის წინ დაწყებული აქციების მიმდინარეობისას, პოლიციის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. პირველი ინციდენტი პირველ ოქტომბერს მოხდა, როდესაც ჩინეთი კომუნისტური მმართველობის 70 წლისთავს აღნიშნავდა. 4 ოქტომბერს კი, პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცს ფეხში ესროლა.

ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ჩინეთში ავტონომიური უფლებებით სარგებლობს. აქციები ივნისში ექსტრადირების კანონპროექტთან დაკავშირებით დაიწყო, რაც მძიმე დანაშაულებში ბრალდებულების კონტინენტურ ნაწილში გაგზავნას ითვალისწინებდა. კანონპროექტი სექტემბერში გაიწვიეს, თუმცა აქციები ახლა სრული დემოკრატიისა და პოლიციის ქმედებათა გამოძიების მოთხოვნით გრძელდება. ძალადობრივი აქციების გამო, ოქტომბერში, ჰონგ კონგში სახის ნიღბები აიკრძალა.