ჰონგ კონგში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა
ჰონგ კონგში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 15 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ერთი მეხანძრეა.
ადგილზე ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში 700-მდე მეხანძრე მონაწილეობს. გავრცელებულ კადრებში ჩანს ცეცხლსა და კვამლში გახვეული ცათამბჯენები.
საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, რვა შენობისგან შედგება და ორი ათასამდე საცხოვრებელ ბინას ითვლის, სადაც 4 600 ადამიანი ცხოვრობს. ამჟამად უცნობია, არის თუ არა შენობებში ვინმე დარჩენილი.
მედიის ცნობით, ცეცხლი მაშინ გაჩნდა, როდესაც ტერიტორიაზე მიწისქვეშა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. რამდენიმე ნაგებობას გარშემო ბამბუკის ხარაჩოები აქვს და ვარაუდობენ, რომ ცეცხლი თავდაპირველად სწორედ აღნიშნულ კონსტრუქციას გაუჩნდა.