ჰონგ კონგში აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას, რომელიც ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში საკარანტინო დაწესებულებად უნდა გამოიყენოს
ჰონგ კონგში აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას, რომელიც ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში საკარანტინო დაწესებულებად უნდა გამოიყენოს

ჰონგ კონგში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს შენობას, რომელიც ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შემთხვევაში საკარანტინო დაწესებულებად უნდა გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას თვითმხილველებმა განუცხადეს, ჩინეთის საზღვრის სიახლოვეს, ფანლინგის რაიონში მდებარე შენობაში რამდენიმე ნიღბიანი დემონსტრანტი შეიჭრა და მოლოტოვის კოქტეილები ისროლა. შენობაში ჩამსხვრეულია მინები.

მოგვიანებით ადგილზე მისულმა სახანძრო სამსახურებმა ცეცხლი ჩააქრეს. ხანძარმა სავარაუდოდ შენობის შესასვლელი ტერიტორია დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო ასობით სპეცრაზმელი. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, ჰონგ კონგის მოსახლეობამ გადაკეტა შენობასთან მიმავალი გზა. ისინი აპროტესტებდნენ შენობის საკარანტინო ზონად გამოცხადების გეგმას.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ კონგში კორონავირუსის ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი. მოსახლეობის ნაწილი ჩინეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს.

ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების გამო, ჰონგ კონგის ხელისუფლებამ ჩინეთის ხუბეის პროვინციის მცხოვრებლებს ქალაქში შესვლა აუკრძალა. აკრძალვა ვრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებიც ჰებეის პროვინციაში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ჰონგ კონგის მოქალაქეების გარდა. სწორედ ხუბეის პროვინცია, კერძოდ კი მისი ცენტრი ქალაქი უხანი მიიჩნევა კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრად.

დატოვე კომენტარი