ჰონგ კონგში 22 წლის მანიფესტანტის გარდაცვალებამ დემონსტრაციების ახალი ტალღა გამოიწვია
ჰონგ კონგში 22 წლის მანიფესტანტის გარდაცვალებამ დემონსტრაციების ახალი ტალღა გამოიწვია

ჰონგ კონგში 22 წლის მანიფესტანტის გარდაცვალებამ დემონსტრაციების ახალი ტალღა გამოიწვია. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სამედიცინო ცენტრში ექიმების რამდენიმედღიანი ბრძოლის მიუხედავად, სხეულის დაზიანებები ახალგაზრდისთვის ფატალური აღმოჩნდა.

22 წლის სტუდენტი რამდენიმე დღის წინ ჰონგ კონგის ცენტრალურ ნაწილში დემონსტრაციას ესწრებოდა. აქციის დროს პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენა. ტერიტორიის დატოვების მცდელობის დროს კი სტუდენტი ავტოპარკინგის სახურავზე ავიდა, საიდანაც მალევე ჩამოვარდა.

ახალგაზრდა სტუდენტის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ ჰონგ კონგის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ასეული პირი შეიკრიბა. ისინი ტრაგედიის გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ. ამასთან, მანიფესტანტები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სხვა ბევრი შემთხვევაც უნდა გამოიძიოს, რომლებიც უკანასკნელ თვეებში დემონსტრაციების დროს არაერთხელ დაფიქსირდა.

ჰონგ კონგში მასობრივი დემონსტრაციები 2019 წლის ზაფხულის დასაწყისში დაიწყო. აქტივისტები თავდაპირველად ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც მთავრობამ მალევე უკან გაიწვია. თუმცა მასშტაბური მანიფესტაციები ჰონგ კონგში ამ დრომდე გრძელდება. ახლა აქტივისტების რიგ მოთხოვნებს დემოკრატიული რეფორმების გატარებაც შეემატა.