ჰონგ კონგში ​ათასობით დემონსტრანტი ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს
ჰონგ კონგში ​ათასობით დემონსტრანტი ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს

ჰონგ კონგში სამთავრობო შენობებთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები კვლავ ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციის მიღების შემდეგ ჰონგ კონგის მცხოვრებლების ჩინეთში ექსტრადირება გახდება შესაძლებელი, რაც მათთვის მიუღებელია.

მიტინგის მონაწილეთა ნაწილს ჩაფხუტები და ნიღბები უკეთიათ. მათ სამთავრობო შენობებთან მისასვლელი გზები ბლოკირებული აქვთ.

საპროტესტო აქციაზე მობილიზებულია პოლიციაც. სამართალდამცავ უწყებებში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალას გამოიყენებენ.

ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, ჰონგ კონგის მთავრობა აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს და ექსტრადიციის შესახებ სადავო კანონს მაინც დაამტკიცებენ. საბოლოო კენჭისყრა 20 ივნისისს არის დაგეგმილი.

ექსტრადიციის კანონში ცვლილებების მიღების შემდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა ჩინეთში, ტაივანსა და მაკაუში გაგზავნა შესაძლებელი გახდება.

კანონში ცვლილებები მას შემდეგ შეიმუშავეს, რაც შარშან 19 წლის ჰონგ კონგელმა მამაკაცმა ტაივანში დასვენებისას ფეხმძიმე მეგობარი გოგონა მოკლა. დამნაშავე ჰონგ კონგში გაიქცა და მისი ტაივანში ექსტრადირება ვერ მოხერხდა.

ჰონგ კონგის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დამნაშავეთა ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ადგილობრივი სასამართლო მიიღებს, ხოლო პოლიტიკურ და რელიგიურ დანაშაულში ბრალდებულებს ექსტრადირება არ დაემუქრებათ.

თავის მხრივ, ჰონგ კონგის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ჩინეთში ექსტრადირების შემდეგ მოქალაქეებს არაადამიანურ პირობებში ამყოფებენ და მათ წამება ემუქრებათ, ამიტომ კანონის მიღება დაუშვებელია.