ჰონგ კონგის უზენაესმა სასამართლომ ორი ცნობილი აქტივისტი ხელისუფლების დამხობის წაქეზების საქმეზე დამნაშავედ ცნო
ჰონგ კონგის უზენაესმა სასამართლომ ორი ცნობილი აქტივისტი, „ჰონგ კონგის ალიანსის“ ყოფილი ლიდერები, ხელისუფლების დამხობის წაქეზების საქმეზე დამნაშავედ ცნო.
მედიის ცნობით, ლი ჩუკ-იანი და ჩოუ ჰანგ-ტუნგი ათწლეულების განმავლობაში ყოველ 4 ივნისს, ტიანანმენის მოედანზე, 1989 წელს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ აქციას მართავდნენ.
ორივე აქტივისტს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ აქტივისტების საქმიანობა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ლი ჩუკ-იანი და ჩოუ ჰანგ-ტუნგი ბრალდებას არ აღიარებენ. პროფესიით ადვოკატმა, ჩოუ ჰანგ-ტუნგმა სასამართლოში განაცხადა, რომ მისი სიტყვის თავისფლება იზღუდება.
როგორც „როიტერი“ წერს, ჩინეთის ხელისუფლებამ ტიანანმენის მოედანზე შეკრებები 2020 წელს აკრძალა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ დაწესებული რეგულაციების ფარგლებში, თუმცა პანდემიის დასრულების შემდეგ, შეკრების აკრძალვა ძალაში დარჩა.
ცნობისთვის, 1989 წლის გაზაფხულზე პეკინის ტიანანმენის მოედანზე სტუდენტებმა და სხვა აქტივისტებმა დემოკრატიული რეფორმების, პოლიტიკური თავისუფლებისა და კორუფციის წინააღმდეგ პროტესტი დაიწყეს. აქციები რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდა და, საბოლოოდ, ხელისუფლებამ მათი ძალადობრივი დაშლა გადაწყვიტა. 1989 წლის 3-4 ივნისის ღამეს ჩინეთის არმიამ ტიანანმენის მოედნისა და პეკინის ცენტრალური ქუჩების მიმართულებით ჯარები და ჯავშანტექნიკა გამოიყენა.
მაშინდელ მოვლენებს მრავალი ადამიანი ემსხვერპლა, იყვნენ დაშავებულებიც, თუმცა მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, დარბევის დროს 300-დან 2 700-მდე ადამიანი მოკლეს. ტიანანმენის დარბევა ჩინეთში დღემდე მკაცრად კონტროლირებადი თემაა და მისი საჯარო ხსენება და მემორიალური ღონისძიებები შეზღუდულია.