ჰონგ კონგის ლიდერმა დემონსტრანტების ქმედებები დაგმო და საკანონმდებლო საბჭოში შეჭრას ძალადობა უწოდა
ჰონგ კონგის ლიდერმა დემონსტრანტების ქმედებები დაგმო და საკანონმდებლო საბჭოში შეჭრას ძალადობა უწოდა

ჰონგ კონგის ლიდერმა, კერი ლამმა დემონსტრანტების ქმედებები დაგმო და საკანონმდებლო საბჭოში შეჭრას ძალადობა უწოდა. პირველ ივლისს საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე ჰონგ კონგის საკანონმდებლო საბჭოს შენობაში შეიჭრა. მოგვიანებით, ისინი პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების გამოყენებით გააძევა.

„ჩვენ ვიხილეთ ორი სრულიად განსხვავებული სცენა: ერთი იყო მშვიდობიანი და რაციონალური მსვლელობა, მეორე იყო შემზარავი, შოკისმომგვრელი და კანონსაწინააღმდეგო სცენა“, – განაცხადა კერი ლამმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ჰონგ კონგში არაფერია კანონის უზენაესობაზე მნიშვნელოვანი“.

ჰონგ კონგში პირველ ივლისს ავტონომიაზე სუვერენიტეტის ჩინეთისთვის გადაცემის 22 წლისთავთან დაკავშირებით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები ადგილობრივი პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მათ ჩაამსხვრიეს მინები, კედლებზე გააკეთეს წარწერები, სხდომათა დარბაზში კი ბრიტანეთის კოლონიის დროინდელი დროშა გამოფინეს.

ჰონგ კონგში საპროტესტო გამოსვლები დაახლოებით ერთი თვეა, იმართება. დემონსტრანტები აპროტესტებენ კანონპროექტს, რომელიც მძიმე დანაშაულებში ბრალდებული პირების ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლებისათვის გადაცემას ითვალისწინებს.  დემონსტრაციებში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

საპროტესტო გამოსვლების ფონზე ორი კვირის წინ ხელისუფლებამ მომიტინგეებს ბოდიში მოუხადა და კანონპროექტის განხილვა შეაჩერა, თუმცა დემონსტრანტები მის სრულ გაწვევას ითხოვენ. ამას გარდა, აქციის მონაწილეების მოთხოვნებს დაემატა აქციების დროს დაკავებული ყველა აქტივისტის გათავისუფლება და პოლიციის მიერ ძალის გამოყენების შემთხვევების გამოძიება.
როგორც წუხელ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰონგ კონგის ლიდერმა კერი ლამმა განაცხადა, კანონპროექტის განხილვის შეჩერება, ფაქტობრივად მის გაუქმებას ნიშნავს.

„კანონპროექტის ვადა ამოიწურება, ანუ კანონპროექტი მოკვდება 2020 წლის ივლისში, როდესაც საკანონმდებლო საბჭოს ამჟამინდელი ვადა ამოიწურება. ეს არის ძალიან პოზიტიური პასუხი მოთხოვნებზე“, – განაცხადა ჰონგ კონგის ლიდერმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციის ყველა მონაწილის გათავისუფლება კანონის უზენაესობას არ შეესაბამება. კერი ლამმა დემონსტრანტები გააფრთხილა, რომ ჰონგ კონგის ხელისუფლება გამოიძიებს აქტივისტების მიერ ჩადენილ ყველა უკანონო ქმედებას.