Hollywood Reporter - პრესტიჟულ ფესტივალებზე ბოლო წლებში ქართული კინოს ბუმია
Hollywood Reporter - პრესტიჟულ ფესტივალებზე ბოლო წლებში ქართული კინოს ბუმია

ცნობილი გამოცემა Hollywood Reporter-ი ბერლინის კინოფესტივალის გახსნის დღეს ქართულ კინოს ვრცელ სტატიას უძღვნის და წერს, რომ პრესტიჟულ ფესტივალებზე ბოლო წლებში ქართული კინოს ბუმია.

ტექსტის ავტორი რამდენიმე ქართულ ფილმზე ამახვილებს ყურადღებას – ”სიმინდის კუნძული”, ”გრძელი ნათელი დღეები”, „სხვისი სახლი“ და „მძევლები”. სტატია კი ახალგაზრდა რეჟისორს თინათინ ყაჯრიშვილსა და მის ახალ კინონამუშევარ ”ჰორიზონტს” ეძღვნება.

მასალაში აღნიშნულია, რომ თინა ყაჯრიშვილი საერთაშორისო კინოფესტივალ „ბერლინალეზე“ ახალი ფილმით მეორედ ბრუნდება და ფესტივალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სექციაში პანორამა მთავარი მონაწილეა. „ჰორიზონტის“ მსოფლიო პრემიერა გუშინ 16 თებერვალს შედგა.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმში მთავარ როლებს გიორგი ბოჭორიშვილი, ია სუხიტაშვილი და ჯანო იზორია ასრულებენ.

„ჰორიზონტი” საქართველოსა და შვედეთის ერთობლივი წარმოებაა. ფილმი ძირითადად პალიასტომის ტბაზეა გადაღებული და მოგვითხრობს ერთი ქალისა და მისი ოჯახის ისტორიას.

Hollywood reporter წერს, რომ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლები” ბერლინალეზე 2014 წელს აჩვენეს. სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ თინა ყაჯრიშვილის ოჯახური დრამები ფსიქოლოგიური და ემოციური ფილმებია.